ახლა სახლში ვარ ..
ახლა სახლში ვარ, ჩემს სახლში, ჩემებთან.. ღუმელთან ვზივარ,ყველას ჩაეძინა ,ზამთრის გრძელი ღამეები დარაჯობენ სოფელს.. ყინულის ლოლოები იბადებიან სახურავის კიდეებზე-მიხარია.. მოწმენდილ ცაზე მთვარე ვარსკვლავებს უღიმის-ყინვის ალმური მოსდებია გადათეთრებულ სოფელს... ღუმელში შეშა ტკაცუნით იწვის-ეს სითბო მომნატრებია,მეღიმება.. როცა სახლში ვარ თვალებით ,გულით ,სულით, ყველაფრით ვიღიმი-არ ვლაპარაკობ-უბრალოდ ბავშვობაში ვბრუნდები და ეს მიხარია.. ნაძვისხე მოვრთე-ერთი აღტაცებით,მოუთმენლობით ,გულისაჩქარებით-ისევ მეღიმება და ვხვდები ისევ ის ერთიციდა წითელლოყება ჯიუტი გოგონა ვარ-დეკემბრის დადგომისთანავე რომ გონებაში ნაძვისხეს აწყობდა,გამთენიისას თოვლის ფიფქებს უცდიდა და მარტივი რაღაცები აბედნიერებდა... გასული წლის შეგრძნებებს ვაათმაგებ,დარდებს ცოტახნით ძილისპირულს ვუმღერებ და დავაძინებ... კიდევ ერთი ტკბილი საშობაო თავგადასავალი უნდა შევჩურთო ჩემი სულის ბნელ ჯურღმულებში და წლების შემდეგ გავაცოცხლო.. რამდენიმე დღეც და იანვრის ღამეები მესტუმრებიან-ღიმილებს და ბევრ ბავშვურ შეგრძნებებს მომიტანენ-უბრალოდ მჯერა.. ახლა სახლში ვარ, გარეთ თეთრი დეკემბერი დააბიჯებს, ღუმელში შეშა ხმაურით იწვის-ისევ მიყვარხარ,ისევ ჩნდებიან სევდანარევ თვალებში მზეები და ტკივილები უფერულდებიან.. შენთან არყოფნაც მიხარია და ჩემთავში ვერ ნაპოვნი შენი თავისაც მჯერა..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი