მარტოობა
ჩემ სხეულს ისევ მარტოობის სუნი აქვს , მთვარის თეთრი შუქი მაფერმკრთალებს ,უსიცოცხლოს მხდის.. ღონეს ვკარგავ , ცრემლები მახრჩობს.. ცივი წყლის აბაზანას ვიღებ ,ერთიანად ვითოშები,უსიცოცხლოდ კედელთან ვიკეცები და ყველა ნაგროვებ ,გამოუტირებელ ცრემლს ერთდროულად ვღვრი კედელს გამეტებით ვუქნევ მუშტებს და წყლის ჭავლს სისხლის სუსტი ნაკადი მიჰყვება.. შენს ნივთებს ისევ ვინახავ და აბაზანაში მხოლოდ შენი ხალათი ჰკიდია,უფრო სწორად ჩვენი-მე და შენ ერთად ვცხოვრობთ მასში- შენი უსხეულო სხეული და ჩემი უსიცოცხლო თავი-ორივენი ვეტევით.. შენი წასვლის შემდეგ მე უფრო გავხდი ,მოვიკეცე და ერთ დღესაც გავქრები , დედამიწას გამოღამებული თვალებით ვეღარ დავინახავ ... მარადიულად ბავშვი მინდა ვიყო ,სიცელქისგან მუხლები გადავიტყაო ,ათობით შრამი მქონდეს , ბედნიერი ,მზეებჩამდგარი თვალებით ვუყურებდე მახინჯ სამყაროს და ვერაფერი მაშინებდეს ,არვიცოდე რას ნიშნავს უშენობა ,უადამიანობა ,უმეგობრობა,უიმედობა ,უშენთავისობა.. გამოხატული გრძნობებისთვის აღარ მინდა დავისაჯო ,ნიღბებიც მოსაწყენი გახდა -ნამდვილი სახე მომენატრა ,ჩემი ბავშვური სული და ორღობეში თანატოლებთან წრეში ბურთის თამაში მინდა.. კედლებიდან მარტოობა ჟონავს და ირონიულად მიღიმიან ბავშვობის ალბომიდან მომზირალი ფოტოები -მერე ვხვდები ძალიან გავიზარდე და ბავშვობა ისევ ხელჩაკიდებული დამყავს რომ არ დამავიწყდეს ,არც მას დავავიწყდე ვინ ვიყავი .. ისევ მარტოობის სუნი მაქვს ნოემბრის ამინდს მე და შენი თვალებით ვუმზერ და ვხვდები ის მზეები აღარასდროს ამოანათებს ჩემში ,ტკბილი მოგონებები კი მოუშუშებელ ჭრილობებად დამრჩება ყოველი გაღიმებისას რომ შეიხსნება ,ფუფხი აძვრება და ბოლო იმედიც გაფერმკრთალდება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი