მე შემიძლია შენი სახე მთვარის შუქზე წარმოვიდგინო
მე შემიძლია შენი სახე მთვარის შუქზე წარმოვიდგინო ,მერე რა რომ სხვადასხვა ქალაქის ცა გვხურავს თავზე და ამინდებიც სხვანაირია .. მერე რა თუ ერთმა უჩინარმა წერტილმა ყველაფერი დაამთავრა .. ივლისისათვის უჩვეულოდ გრილი ღამეა და წამით სახლში მგონია თავი ,დაძინებისას ჩაბნელებულ ფანჯრებს შიშით რო ვუცქერდი და ქარისაგან გადაფითრებული ხეთა ლანდებიც მაშინებდა ფარდების მიღმა .. ახლა ყველა არარეალური და მიუწვდომელი ოცნების ახდენისაც მჯერა და მივიწყებული კუნჭულები ზეიმობენ კიდეც ამ დასაშვებ აბსურდულობას .. მე შემიძლია შენი ხმა ქარმა მომიტანოს და მერე ჩვენ შორის რიჟრაჟამდე ბავშვური დიალოგი გავმართო .. ახლა ყველაფერი შემიძლია და თავაშვებულ ქარს მძიმე ტვირთად შეტოვებულ დარდებსაც გავაყოლებ .. კალენდარზე დღეები აღარ მყოფნის უძილო ღამეების დასაჯავშნად ,ძველებურად ვმელანქოლიკობ ,შემოდგომის წვიმიან ამინდებსაც ვნატრულობ და გრძელსახელოებიან სვიტრშიც შევსახლდი ქარიან ღამეს ,ახლა იქედან გამოსვლა მიძნელდება ,ზედმეტი სითბო დარდებ შეჩურთულ ყინულოვან კედლებს დაადნობს .. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს კიდევ ერთი მეამიტური სურვილი ჩავუთქვი ახლა რომ წვიმდეს ფერადი ქოლგით ხალხისაგან დაცლილ ქუჩებს შემოვივლლიდი ,თუმცა ვიტყუები, ქოლგა არასდროს მიყვარდა ,მირჩევნია წვიმამ თანაბრად დაგვასველოს მე და ხეებზე შეყუჟული ღაბუა ჩიტები, ჩემს აივანს მოჩვეული ნაცრისფერი მტრედები და ჩემი სულელური ოცნებებიც ,რომელთა თავიდან გამორეცხვის მცირე ალბათობა არსებობს თავსხმა წვიმისას .. ახლა ვითომ ჩემი ქალაქის ცა ერთიანად შეკუშტული და ნაცრისფერია ,იქნებ შენთანაც გაწვიმდეს და სადმე ტალახიანი ,გუბეებდამდგარი სოფლის ორღობეც ერთად გავიაროთ (ოცნებებში მაინც) /ნენე/ 17/7/2019/ 12:56
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი