ვანო პაპა


ვანო პაპა

ვანო პაპა,მშვიდი და ჯიუტი კაცი იყო..
მე კიდე მისი ონავარი სტუმარი

გავუვლი ხოლმე ახლა მის ფანჯრებამოღამებულ სახლს,ბზარ გაჩენილი კედლებს ძალა ეცლებათ  ..
საკვამურიდანაც აღარ ამოდის ბოლი,არც სარეცხია გაფენილი და აღარც კატას უწყრება ვინმე.

გავივლი ხოლმე და ყველაფერი გონებაში ამოტივტივდება 


ადრე ,ჩუმად მივიდოდი ფანჯარასთან, შევიხედავდი და როცა დამინახვდა იმწამს გამომეხმაურებოდა,ჩემი ,ჩვენი ვანო პაპა იყო ის..

საოცრად ჯიუტი და მშვიდი..

მარტოდმარტო ცხოვრობდა ,
სიძველისაგან ლაქგადამძვრალი იატაკი,ნაცრისფერი კედლები მიტოვებულს ჰგავდა..

ხანდახან მისი მომზადებული კერძების დეგუსტატორიც ვიყავი ..
წვიმიან ამინდებში როცა სახლში შეიკეტებოდა მეც ვსტუმრობდი 

მაგიდაზე დასტად დაწყობილ გაზეთებშიც სულ ვიქექებოდი და საბავშვო კროსვორდებს  სიხარულით ვავსებდი..

მაგიდას ჯიუტად ვულაგებდი ყოველ მისვლაზე ,ბუზღუნებდა ხოლმე, მერე ვეღარ ვაგნებ ნივთებსო..
გაზაფხულზე აივანზე ჩამოვსხდებოდით,ან ეზოში დიდი ქვევრის დამარხვის ისტორიას ვისმენდი..

დამკის თამაშიც ვანო პაპამ მასწავლა,მერე როცა ვთამაშობდით ბევრს ფიქრობდა თითოეულ სვლაზე..

სახლის სხვენზე დიდი კიბე ჰქონდა მიდგმული ,ყოველთვის მეშინოდა იქასვლა,ის კი თეთრ ზეწრებს ფენდა გასაშრობად...

ჩემი ვანო პაპა ტელევიზორს არ უყურებდა,თუმცა საპატიო ადგილს იკავებდა მტვრის სქელი ფენით დაფარული ტელევიზორი..

ყველაფერი აინტერესებდა ,თუმცა ტელევიზორი ეჯავრებოდა ,ტყუილებს ამბობენო ,
სამაგიეროდ სულ რაღაცას კითხულობდა,ეზოში სკამს გამოიტანდა ჩამოჯდებოდა და კითხულობდ ან შეშას აპობდა..

მე ყოველთვის ბევრ კითხვას ვუსვამდი ,თავის ბავშვობის ამბებსაც მიყვებოდა

ცოტა ახირებული კაცი იყო ,თამბაქოს ეწეოდა ,ხშირად მიგვქონდა მისთვის დაბარებული თავლისჩინი, მე კი ყოველთვის ხმამაღლა ვკითხულობდი მასზე დატანილ წარწერას "მოწევა კლავს"თუმცა ამაზე ეღიმბოდა და რას მიზამსო ფიქრობდა..
თამბაქოს მოწევასთან ერთად ყოველთვის ვარჯიშობდა და სირჩა არაყზეც არასდროს ამბობდა უარს-ეს სამი გენიალურად ერწყმოდა ერთმანეთს 

დედაჩემი რომ მასთან საჭმელს გამატანდა საათობით შევრჩებოდი ,ის კი თხილს და კამფეტს გამომიწოდებდა ..
ვიდრე შეეძლო მიწასაც ამუშავებდა,ერთხელ მახსოვს დათესვა დაუგვიანდა და მე ვაგულიანებდი ,სხვებისკიტრი რომ მოილევა შენ კიდე გექნებათქო..  

ტკბილი კაცი იყო ვანო პაპა,
მის ღუმელსაც ხშირად ვუბერავდი სულს რომ დანთებულიყო და იმ წამს გადმომხედავდა და მეტყოდა სულის შებერვა არ შეიძლებაო

ხან ფქვილს ვცრიდი და ერთიანად ვთეთრდებოდი..

პატარა  ხელჯოხი ჰქონდა თავის ხელით გაკეთებული ,მერე კიდევ უფრო რომ მოხუცდა ორი ხელჯოხით დადიოდა ,გამოვიდოდა გზისპირას სკამზე ჩამოჯდბოდა და ფიქრობდა,მე დავინახავდი თუ არა წამსვე იქ გავჩნდბოდი და ათასი კითხვით ვაბეზრებდი თავს...

მეტყოდა ხოლმე წლებია არსად გავსულვარო,ადრე მაღაზიაში ჩემით დავდიოდიო,
მე კი  სწრაფად ყველა ამბავს ჩამოვყვებოდი თუ რამე ვიცოდი 

ასეთი იყო ჩემი ვანო პაპა,ტკბილი მშვიდი და ცოტა ჯიუტი ...
უამრავი ტკბილი მოგონება დამრჩა იმ დღეებისგან რომლებიც ერთად გავტარეთ..

ჰო, ერთხელ წარბებიც კი შევჭერი ზედმეტი ონავრობისგან ,თუმცა არაფერი უთქვამს 

წლებთან ერთად ყველაფერი შეიცვალა,ახლა აღარ ვარ ონავარი სტუმარი,აღარც ვანო პაპაა და მისი სახლი სიძველისაგან ,დარდისაგან ჩამოქცეული ისევ იმაგრებს თავს

მერამდენე გაზაფხული მოვიდა ნეტა,ჩუმი ღიღინიც აღარ ისმის დაბურული ფანჯრებიდან ,მხოლოდ ტანსაცმლის თოკზე შემორჩა რამდენიმე სარჭი,ხის მოაჯირზე კი ალუმინის გაშავებული ჭიქა ,ქარი უმოწყალოდ აყრის მტვერს მივიწყებულ აივანს,ქვევრისთვისაც აღარავის მოუხდია თავი,ვენახიც გასასხლავია..

გავივლი ხოლმე და ყველაფერი ამოტივტივდება..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი