აიდა


ნენე უგრეხელიძე: აიდა
დეიდა აიდა  სოფლის განაპირას ცხოვრობდა ,მწვანეთვალება ,შუახნის დედაკაცი  ღრიჭო კედლებში მარტო დარჩენილიყო ..

ქსოვდა -ფერად ფარდაგებს ,ხალიჩებს ,ტანისამოს
აიდას ცხოვრება ქსოვა იყო ,
არასოდეს გათხოვილა ,მამისეულ სახლს მარტოდმარტო შემორჩა ,სადღაც გულის სიღრმეში ნანობდა  ეულად ცხოვრება რომ არჩია -უძიროდ სევდიანი თვალები გასცემდნენ ხოლმე და თავის დამალულ სათქმელებს დაუკითხავად გამოჰფენდნენ სააშკარაოზე ..
აიდა ყველას უყვარდა
დეიდა აიდა მზესთან ერთად იღვიძებდა და ფერად ფარდაგებს ხის აივანზე ამზეურებდა ,მერე იღიმოდა -ამ წამიერ გაღიმებას მხოლოდ მზე და თვალებამდე მოსული ნისლი შეიგრძნობდა ..
აიდას წამით ღაწვები შეეფაკლებოდა ,სიცხის ალმური გადაუვლიდა  და სადღაც რომელიღაც კუნჭულში მიიმალებოდა ,დილაობით სხვანაირი იყო აიდია ,თითქოს მზესთან ერთად იბადებოდა და კვდებოდა ..
თითქოს რაღაცას დიდს და მძიმეს მალავდა აიდა  ,შესახლებული გეგეონებოდა მასში ...


მარტოობამ თავისი დაღი დაასვა ყველაფრს -სახლსაც ,ნივთებსაც ,ყველაზე მეტად კი აიდას თვალებს ეტყობოდა ეს ,გადაშლილი წიგნივით იყო მისი თვალები ,მძაფრსიუჟეტიან ამბავს გითხრობდა და თავის წიაღში მიგათრევდა ,მერე თავისთან გიტოვებდა და შენც  აიდას ცხოვრებით ცხოვრობდი ,აიდას ტკივილები შენთან სახლდებოდნენ ,აიდას მარტო  ტოვებდნენ
აიდა ნაცრისფერდებოდა ...
იყო დღეები როცა აიდა არ ქსოვდა ,ძაფებს ,საქსოვ ნივთებს ერთ დიდ კალათაში ჩააწყობდა და სხვენში ყველაზე ბნელ კუთხეში შემალავდა ,თითქოს სძულდა ისინი ,თითქოს მათ ცხოვრება მოპარეს ,თავიანთ ხაფანგში გააბეს და მერე ყველაფერი დაავიწყეს ..
აიდას არქსოვა დეპრესიას ჰგავდა ,ეს არ იყო ჩვეულებრივი დეპრესია ,ამას აიდას გამოღვიძება ერქვა ..
აიდას ცხოვრება სხვებისგან განსხვავდებოდა ,დეპრესია იყო როცა აიდა იღიმოდა ,ეზოს კარს ფართოდ გახსნიდა და ყველასთვის საოცარი არომატის ჩაის აყენებდა ...
ჩაის დეპრესია -ამ დროს აიდას სახლიდან გამოსული სურნელი მთელ სოფელს მოივლიდა თითქოს ყველას თავისთან იხმობდა ,აიდა დარდისგან იცლებოდა ..
როცა აიდა  მწვანე  ჩაის აყენებდა მაშინ ყველაფერი მარტივად იყო,სამიოდე დღით  სტუმრად მოსულ ღიმილებს მალევე გადააგორებდა .
მტირალი აიდა არავის ენახა ,
აიდას ღიმილები იყო გლოვა ,
აიდა მზესთან ერთად კვდებოდა როცა იღიმოდა ..
ყველაზე იშვიათად აიდა შავ ჩაის აყენებდა ,ამ დროს ყველაფერი უფრო რთულად იყო
ყველაზე მძაფრ არომატებს არჩევდა ,ნუშისა და ვაშლის ფუნთუშებსაც დააცხობდა და სოფელს თავბრუ ესხმოდა  ...
აიდა ამ დროს თმას იშლიდა ,ფერად კაბებს იცვამდა და ყველამ იცოდა აიდა ცუდად იყო ..
აიდას დამცხვარი ფუნთუშა ყველას უნდა გაესინჯა, სოფლის ყველა მცხოვრებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვეტდა აიდა შავი ჩაის დაყენებას და ფერად ფარდაგებს აივანზე ისევ გადმოფენდა ....
დეპრესია გადაგორებული აიდა ეზოს კარს კეტავდა , თმას კუდად შეიკრავდა ,ფარდაგებს გადმოფენდა ,საქსოვ ნივთებს დაიბრუნებდა და ცოტახნით ყველას ავიწყდებოდა ის ..

სოფლის განაპირას , ორსართულიან ხის სახლში ცხოვრობდა აიდა ,ყველაზე ფერადი და ყველაზე დარდიანი თვალების პატრონი
დეიდა აიდა რომელიც ყველას უყვარდა
წლებმა ღობის ჩხირებივით შემოაცალა ოჯახის წევრები ,ზოგიც ქვეყნის მეორე ბოლოში გადაკარგა და თითქოს გზები აერიათ შინ ვეღარ ბრუნდებოდნენ ,აიდა კი მათ ყოველ წელს უქსოვდა წინდებს , ჯემპრებს ,ქუდებს ,ხელთათმანებს ,აიდა მათ ელოდა ,ყველას ელოდა იმათაც კი ვინც აღარასდროს დაბრუნდებოდა ...

აიდას ცხოვრება ქსოვა იყო ,როცა არ ქსოვდა სამყარო თავზე ემხობდა ,იმედები უკვდებოდნენ...

მოხუცდა დეიდა აიდა ,მზესთან ერთად ბოლოჯერ გაიღიმა შემოდგომის გადაფითრებულ  დღეს ..
წლების ნაქსოვი ფარდაგები ,წინდები ,ქუდები ყველაფერი გააჩუქა..
ბოლოჯერ დააყენა შავი ჩაი,დააცხო ფუნთუშები და ახლა ყველას თავის ხელით მიუტანა ..
მას შემდეგ აიდა აღარავის უნახავს ,მიმწუხრის ჟამს თამშეჭრილი აიდა შემოდგომასთან ერთად მიიცვალა
სოფლიდან წავიდა ,სხვა დროებას შეერწყა ..
აიდა რომელიც ყველას უყვარდა თუმცა ამ სიყვარულს ყველა თავის გულში იტოვებდა და აიდას ფარდაგებივით არ ამზიურებდა ..
აიდა ,
დეიდა აიდა ,
წავიდა ...

27/01/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი