უკვე ზამთრია


უკვე ზამთარია..
დეკემბერი..
უშენო და ცარიელ ოთახს დარდები ავსებს..
ვზივარ გამოღამებულ ჩემს თავში და დარდებად გპოულობ..
განვლილ დღეს ვიხსენებ-ტკივილებს როგორ მოხერხებულად გადავაფარე ღიმილი
სულის ჭრილობები მივჩქმალე..
გავიღიმე
ბავშვურად,გულიანად და მოურიდებლად გავიღიმე
რამდენიმე ჭრილობა მომიშუშა ამ ღიმილმა..
ახლა სიცარიელეში ,ჩემი ცოცხალმკვდარი სხეულით ვზივარ და დღევანდელ ღიმლილებს ვგლოვობ..
დეკემბრის ამინდებსაც ვგლოვობ-რადგან არ თოვს და როგორც შენ არ მიდიხარ ჩემგან ისე შემოდგომაც არ ტოვებს დედამიწას -ჯერ კიდევ უამრავი ფოთოლი აბია ზამთარს შესაგებებელ ხეებს ..
ეს ფოთლები გამოუხატავ შეგრძნებებს მაგონებს -სანამ ცოცხლობენ იმედი გაქვს ადამიანს,გგონია ყველაფერს მოასწრებ და გადამალულ შეგრძნებებს სამზეოზე ოდესმე გამოიტან,მაგრამ ზამთარს თავისი ვალი მიაქვს და ხშირად დაუტირებელი,ნაადრევად მიცვლილი ადამიანივით ათოვს ამ ფოთლებს და შენს უმზეო,უსინათლო ,ჯურღმულებში შემალულ შეგრძნებებს ათოვს..
გზები იხერგება ..
გაზაფხულამდე გამოსავალს ვეღარ იპოვნი ..
თოვლი რომ დადნება გაფითრებული შეგრძნებები გამოჩნდებიან,ერთიორს წამოიკვნესებენ და გაქრებიან,
გახუნდებიან..
ახლა ისევ უნდა მოიცადო როდის შეიმოსება შენი სულის გამხმარი ხე,როდის გამოჩნდება გზა..
ათასჯერ დაცემული კიდევ ერთხელ უნდა ეცადო წამოდგომას და უკანასკნელად მაინც ანახო მზის სხივი წლების ნაგროვებ,სიღრმეებში მიმალულ შეგრძნებებს,
ემოციებს,
ტკივილებს,
ყვირილებს,
ტირილებს,
უნდა გაბედო და შენ თავშივე ჩაკეტილი შენი თავი გაათავისუფლო..
06/12/2018 /გ.უ/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი