ახლა გაწვიმდა


ახლა გაწვიმდა და მე შენ ისევ შემოგეკედლე..
შემოვსახლდი შემოვიკეტე და არც მიკითხავს ჩემთვის ადგილს თუ გაიმეტებ..
ვეღარ ვიდარდებ,ვერ ვინაღვლებ -დავმარტოხელდი,მე შენთან ვცხოვრობ შენს სხეულში უცხო გზირი ვარ..
დღეს გაგაცილე, გადაგსახე პირჯვარი სამჯერ ,ზაფხულის ბოლო უჰაერო დღე გამიწვიმდა, გამიავდარდა, გამისხვაფერდა..
ვგრძნობ შემოდგომის ჯერ არ დამდგარ მსუყე არომატს და იცი შენც გგრძნობ წვიმამ თმებზე შემოგარჩინა..
წვიმის ხმა სულში ფორიაქობს, მაფრთხობს, მამუნჯებს -ცივ ფანჯარასთან ავიტუზე -სადღაც შენ გეძებ ის კი არ მახსოვს შენს სულში ვარ, შენს სხეულში ვარ და ფანჯარაში ანარეკლიც ამას მიამბობს -შენი პერანგი სასაცილოდ სამჯერ დიდი მაქვს. ..
უცბად ვიღიმი, შეშლილ აზრთა მიპყრობს მანია..
და სახლის ყველა კარი გავხსენი, ფანჯრები ფართოდ გამოვაღე -ჰო შენ მოგიხმე..
ზაფხულმა ისევ გადაიცვა თეთრი ფარაჯა-უჩინარს რომ ხდის და შემოდგომას ადგილადგილ ამოკემსილი ფარაჯით შეხვდა -სიცოცხლეს უყოფს..
ღამის თორმეტზე, შენს პერანგში გამოწყობილი, შიშველ ფეხებით- ვდგავარ წვიმაში და ვიბადები ზაფხულიდან შემოდგომაში. ..
მზე რომ ჩავიდა უცნაური იყო გარემო აი ისეთი მე რომ შენში გარდავისახე და შენ კი ჩემში გადასხვაფერდი, ცა მოიღრუბლა მზის სხივებმა თითქოს დალოცეს ,მომაკვდავ მიწას სათლით თითქოს წყალი აპკურეს, დღეს მეც ასე ვარ -უსიცოცხლო ჩემი სხეული ზაფხულის ბოლო თავსხმა წვიმას ეზიარება..
ზაფხულის ბოლოს შენ მიიცვალე და შემოდგომის პირველ წამზე მე დავიბადე. ..
დღეს გაგაცილე, გადაგსახე პირჯვარი სამჯერ.
ზაფხულის ბოლო მზიანი დღეც გამიავდარდა, გამიწვიმდა გამისხვაფერდა. .
მე დავიბადე!!!🍁🍁
01/09/2018 /გ.უ/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი