ახლა სადღაც სიცარიელეში ვზივარ
ახლა სადღაც სიცარიელეში ვზივარ და ჩემს თავსაც არ ვუმხელ ისე ვოცნებობ .. თვალებს ვხუჭავ ათასი ტყუილით შეფერადებულ სამყაროს ვტოვებ და ვაკუუმში ჟანგბადის ნამცეცებს უმოწყალოდ დავეძებ .. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყოველდღე ახალი თავგადასავალია ჩემთვის.. როცა მეტროს ბაქანზე ვდგავარ და მატარებელს ველოდები იმ რამდენიმე წუთში ილევა ჩემი ცხოვრების შეკოწიწებული წლები და შიში მიპყრობს -ერთი ნაბიჯიც და უკვე აღარაფრად იქცევი,მიუხედავად აკანკალებული სხეულისა ჯიუტად ახლოს ვდგები ბაქანზე და წარმოსახვაში სიცოცხლის ისტორიას წერტილს ვუსვამ. ხშირად მიფიქრია სიკვდილამდე ერთი ნაბიჯია მაგრამ ეს ნაბიჯიც ისე გაიწელება ხოლმე წლობით გტანჯავს სულის მიყრუებულ ჯურღმულში მასზე წუხილი.. როდესაც ქვეყნად არაფერი გადარდებს უფრო სწორად სხვებს რომ ჰგონიხარ ასეთი ეს ყველაზე დიდი დარდია,მძიმე ტვირთია რომელიც მხრებზე გაწევს და მოწყენის უფლება არ გაქვს, რადგან ასეთს არ გიცნობენ და ვერ შეგეგუებიან.. სახლში დაბრუნებული ღიმილებს კარადაში ვინახავ და აუტანელ ჩემს თავს სიცოცხლის უფლებას ვაძლევ,ხანდახან მთვარეს სიცივეს ვპარავთ მე და ჩემი თავი,რომ არ გაიყინოს.. წვიმიან ამინდში იატაკზე ბევრჯერ გავრთხმულვარ ,ვერაფერი მიკეთებია დარდები და ტირილები მძივებად ამისხამს ამბებად მომიყოლია მოწყენები ღამის ტანსაცმლით და არეული თმით გამომიტირებია ჩემი ცუდი ხასიათი და მერე გარეთ საოცრად კარგ გუნებაზე გავსულვარ.. ახლაც სადღაც სიცარიელეში ვზივარ და ჩემს თავსაც არ ვუმხელ ისე ვოცნებობ .. ღიმილები კარადაში უკვე შევინახე.. 10/12/2018 /გ.უ/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი