საკვირაონი


I

„იგი, რაც შენ ხარ ― მას შენ ვერა სჭვრეტ,
მას, რასაც ხედავ ― შენი ჩრდილია“.
         /თაგორი/

„ადამიანი უფრო მეტია ვიდრე ჰგონია,
მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი“.
           /ო. ჭილაძე/

                       ა.
წარმოიდგინე, ხარ პერსონაჟი
რომელიმე კარგი ლიტერატურული ფაბულისა,
მაგრამ შეგეხება თავისი კაქტუსიანი ხელებით
გამოუწრთობი, უვიცი და უცოდინარი, ლაყე „მწერალი“.
დაწერს შენზე. ას სისულელეს გადააბამს ათას აბდაუბდას,
ვითომ საქმეს გაჩარხავს, წიგნსაც გამოსცემს,
ბოლოს კი არავის ეყვარები,
რადგან მან, ავ და ცუდ პერსონაჟად გშვა.
სინამდვილეში შენ ა დ ა მ ი ა ნ ი ხარ,
რაც, თავისთავად, ყველაფერს ამბობს.
მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანიც იყოს „ავი“?
შეიძლება კი არა ადამიანიდან გადავიდა 
და გადაიქცა ეს სიტყვა ჭიშკრის სატრაფარეტო წარწერად,
რომელსაც მხოლოდ დაემატა ერთი სიტყვა ― „ძაღლი“.
და ეს მეგობარი ცხოველი, ჩვენ მტრად ვშვით.
მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანიც იყოს „კარგი“?
შეიძლება კი არა ადამიანიდან გადავიდა 
და გადაიქცა ეს სიტყვა ეკლესიებისა და მუზეუმების
სატიტულო წარწერად,
რომელსაც მხოლოდ ერთი სიტყვა დაემატა ― „წმინდა“.
და ადამიანი უცდომელ არსებად, ღმერთად ვაქციეთ,
კულტიც შევქმენით და კერპიც აღვმართედ.
არადა ადამიანს, ადამიანს შია, სწყურია,
მაგრამ ის ხომ არც „წმინდაა“ და არც „ავი“,
ის უბრალოდ ადამიანია... არ გვეცოდება,
არც გვეშინია მისი და „სიყვარულიც ვერ შეიქნა“...
როგორ იბნევა ადამიანი  ადამიანებში,
ბრინჯის მარცვალივით და თან რა გემრიელად
მივირთმევთ „ადამიანები“ „ადამიანებს“,
საუზმეზე, სადილზე და თქვენ წარმოიდგინეთ ვახშამზეც კი...

                ბ.
რა სიყვარულია ის სიყვარული,
რომელიც მხოლოდ სუფრითა და
პათეტიკური სადღეგრძელოებით შემოიფარგლება და
მეორე დღეს, „პახმელიაზე“ მყოფი,
ამ სიყვარულსაც შენი ორგანიზმიდან გამოსულ ღვინოს,
რომელიც კარგად იცი, საითაც მიდის, გაატან...
ან იქნებ, ო, ღმერთო ჩემო,
დისტრიბუტორივით საქონელის გასაღებისათვის ცრუობ,
და შენს ჩამოჩლუნგებულ დამოკიდებულებასაც,
დაძველებული პეჩენიასავით გვასაღებ,
სიყვარულის სახელით.
ჩვენ კი, ამ სიტყვასა და პათეტიკას,
ცრუ ალერს შეჩვეული ხალხი,
დამშეული თევზივით, 
რომელიც ანკესზე წამოცმულ ნეხვიას ჭიას ეცემა,
ისე ვეცემით და ვნებივრობთ.
ო, ღმერთო ჩემო,
შენს სიყვარულსაც იბრალებს რამდენი,
რამდენი რამის და რამდენი რაღაცის გამო...
ან იქნებ დაგვავიწყდა ამ სიტყვის მნიშვნელობა,
მაშინ „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“
ჩააფლე თვალნი შენი, რომელიც სინათლის სახილველად,
საკვირველ ფერთა აღსაქმელად მოგეცა 
და არა თბილში სიცივის დასანახად...
და შენ თუ ახლა მოიცალე და დაგაინტერესა
მართლაც, რას ნიშნავს სიტყვა სიყვარული და
ჩაამზისხივე თვალები შენი ქეგლ-ში
და წაიკითხე „ერთგულების, თავგადადების, კეთილგანწყიბის გრძნობა“
და ასე შემდეგ... მერე ჩაფიქრდი და დაადგინე,
„ვაი, რომ ღმერთო ჩემო, აქედან არც ერთი არ ძალმიძს“!
მაშ, რად ახსენებ ამ სიტყვას წამი-წამ?!.
გახსოვდეს, 
სიყვარული სიყალბეში არ გადაგივიდეს...
ვარდს გვირილად, გვირილას ბროწეულად ვერ გადააქცევ!..

იაგო ქებურია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი