რეფლექსია
„გახდი ის, ვინც ხარ.” პინდარე უფსკრულის პირას, არსად ჩანს ხიდი, ვეძებ თვალებით, ჩასაჭიდ იმედს. ყველა, ვისაც კი მეგობრად ვთვლიდი, სადღაც გამქრალა, უკვალოდ... ისევ...… ისევ დავბრუნდი აქ... ამ ბნელ უფსკრულს ჩავუყვე უნდა, მოვსინჯო ფსკერი! და ჩემი ჩრდილის გიგანტურ ურჩხულს, მის ბნელ ხვეულებს შევახო ხელი. ხელი შევავლო განდევნილ ფიქრებს, სიზმრებს და ნატვრებს, დაფარულს ისლით და გავუსწორო თვალი ჩემს შიშებს გავფანტო სულში ჩამდგარი ნისლი. ნისლი, რომ ცურავს ამ სიჩუმეში გადაუხლართავს ათასი მახე, ილუზიების ამ სიმრუდეში უნდა ვიპოვო ნამდვილი სახე. სახე უკვალოდ გამქრალი ბავშვის, რომ გასუსულა, შეუკრავს სუნთქვა, მოგონებების უძირო ლაფში და ლურჯი ცისკენ ამოსვლა უნდა. უნდა ჩავიდე, მოვსინჯო ფსკერი, ისევ ჩავყურებ ჩემში ამ უფსკრულს, კარგად გავიცნო, შევახო ხელი ჩემივე ჩრდილის გიგანტურ ურჩხულს. ურჩხულს, რომელიც მიმრუდებს მზერას, და სინამდვილეს ზღაპრებით ფარავს, სინათლის სხივს და მოჭედილ ზეცას ბნელ ხვეულებში ახშობს და მალავს. მალავს ჩემს ლექსებს, ნაცრის შრეებში, ჩემს ნაკვერჩხლისფერ და ნამდვილ გრძნობებს, რომ აგიზგიზდნენ ამ ნანგრევებში და მინათებენ ახლა ამ სტროფებს. ამ სტროფებს მათი თბილი სინათლე გზას გაუკვალავს ბნელში და ვხედავ ნიღბები ძვრება ჩემს ნამდვილ სახეს და სულში მზე და სხივები ჩნდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი