პარიზი
ოცნების პარიზზე ლამაზი აღმოჩნდა ნამდვილი პარიზი... ნაძერწი სახლები, თლილი ბულვარები, სად დავრჩე, არ ვიცი. ტივტივებს ნავები სენაზე, თვალებით გავყვები, ჩუქურთმით ნაშენი ხიდიდან. და ხმას ავაყოლებ ქუჩის ამ მუსიკოსს პიაფის სიმღერებს რომ მღერის დილიდან. ნაწვიმარ ასფალტზე ჩემსავე ანარეკლს მივიყვან ნოტრ-დამის ნაცრისფერ ტაძრამდე. ვრცელი ვიტრაჟები აქ ცრიან მზის სხივს, და ფერებს აფრქვევენ ღვთის ეკლის გვირგვინს. გზას მიფერადებენ ვიწრო აივნები ზედ დასკუპებული ქოთნის ყვავილებით. ნელა აუყვება მოაჯირს ხელი, მონმარტზე მომნუსხავს ქალაქის ხედი. ვიღაც გამვლელების პორტრეტებს ხატავს, ვიღაც სიმღერებით აოცებს ზღვა ხალხს. ვუსმენ გასუსული მხატვრების კაფეში რამხელა სევდაა მომღერლის თვალებში… არადა, უმღერს პარიზის ზეცას და მაღალ კოშკებს ბგერებით ძერწავს. ქალაქში ინთება შუქების ფარდა მადამ ეიფელის საღამოს კაბა. აკორდეონისტის თითები უკრავს ჯიბეში ვინახავ პარიზის რუკას. ნაძერწი სახლები, თლილი ბულვარები, სად დავრჩე, არ ვიცი. ოცნების პარიზზე ფერადი ყოფილა ნამდვილი პარიზი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი