ლოცვა


სიონში, მწუხრის მკრთალი სანთლები,

ბუნდოვანებით ღებავენ ფრესკებს…

და უხილავი ცეცხლის ალებით,

ნაკვერჩხლად ქცეულ ნაცრიან ლექსებს

აგიზგიზებენ, აელვარებენ,

ანთებენ კოცონს ჩუმი რითმებით...

ყინულად ქცეულ სულის ნატეხებს

ალღობენ ლოცვის ცხელი სიტყვებით...



ვისი ძალაა, რა ანდამატი,

ამ სხივიანი სარკმლების ქვევით?!

ჟრუანტელით რომ დაფარა კანი,

ცივი მზერა რომ აავსო ცრემლით?..



თითქოს ჩურჩული ცამდე ავიდა…

თითქოს დაეშვა მზე ერთადერთი…

თითქოს იღვრება ამ გუმბათიდან 

გალაქტიკების შემქმნელი ღმერთი!..



ჩემს თეთრ ფურცლებზე რომ გადმოვწერო

სიონისფერი ეს ატმოსფერო,

თმიან ვაზის ჯვარს და თომას ქალას

ჩუმი ვედრებით გამოვთხოვ ძალას..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი