ილუზიები


“გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ”

                                                                                      დაბადება, II,1

ფართო თვალის წინ
წამი გამირბის,
და სურათები
ერთმანეთს ცვლიან,
ათინათები
ცდილობენ დღეებს
მზის საფარველი
ჩამოაფარონ…
ხილულია და
უცხადესია
ილუზიათა
მთელი სამყარო.

მსუბუქი ნისლი
მოჰყვება დღეებს
და მოგონების
ფსკერისკენ ძირავს.
იქ, სადაც ხვეულ
ფიქრებში, ეულ
და მივიწყებულ
ოცნებას სძინავს.
და მონატრების
აფრები ცურავს.

მსუბუქი ნისლი
მოჰყვება დღეებს,
ვერ შეაჩერებს
მის ვერცერთ სურათს,
ვერც დანანება
ლამაზი წამის,
აწ გარდასულის,


ვერც აყვავება
კვირტების ატმის,
ვერც გაზაფხული,
ვერც ცის სერები,
ვერც ცვრის ველები,
ვერც ფრთების ფერთა

ცისარტყელები,
ვერც ფრთების ცაზე
ირაოდ დავლა,
ვერც ღრუბლის სევდის
წვიმებად დაღვრა…
და გაათენებს
დღეს მერამდენედ
სიზმრისფერ დილას.

სიზმრის ფერები,
მონაფერები
მე ლამისაა
ხელით ვატარო!
ხილულია და
უცხადესია
ილუზიათა
მთელი სამყარო.

წეროებივით
მიფრინავს წლები,
მე განვახლდები
და შევიცვლები
ფენიქსის თვითწვით.
და ჩემი ფილმის
დასასრულს ვიტყვი:
"ეჰ, ეს ცხოვრება არაფერია!”
არაფერია?
არა, ფერია,
რომელიც შექმნა
აზრთა მეუფემ
და არსთა ღმერთმა
არაფრისაგან…
და ახლა უკვე
მრავალფერია.

მადლიერება
ჩამოიღვენთა
ცრემლად ღაწვებზე,
რომ დავაბიჯებ
არაფრისაგან
შექმნილ მარცვლებზე,
მათში კი უკვე
თვლემენ ხეები,
ქრიზანთემები,
ორქიდეები…

ნაბიჯებს ვადგამ
მიზაწე მყარად
არ მინდა თოვლზე
კვალი დავფარო,
თეთრ ფანტელებად

ჩამოფენილა

ილუზიათა
მთელი სამყარო!

მემუარების
სევდა თვალებში
ანდა, ხსოვნების
კორიანტელში
სულის სითეთრე
უნაზესია…
ილუზიათა
მთელი სამყარო
უცხადესია!

მზისკენ მიქრიან
არაფრისაგან
ქმნილი წუთები,
ვიღაცის სახე
მახსენდება
და  გავჩუმდები….



ათინათები

ცდილობენ დღეებს
მზის საფარველი
ჩამოაფარონ,
ეს მისტერია
სულ სიზმრებია!
ილუზიაა
მთელი სამყარო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი