ინტერვიუ ანა კალანდაძესთან
იგი "მომცრო ტანისაა, მშვენიერი თვალები და მიმზიდველი სახე აქვს. თავი უბრალოდ უჭირავს, მაგრამ ღირსეულად. რა მშვენიერია მისი კითხვის მანერა, უკეთ ვთქვათ- უმანკოება. მისი ხმის მუსიკა ახლაც მესმის. თუ ჩემს ასაკში, ან მდგომარეობაში შეიძლება ბედნიერი წუთების განცდა, მე ის გუშინ განვიცადე", - წერდა მასზე გერონტი ქიქოძე 1946 წლის 26 მაისს. წინა დღით კი: "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილების სტუდენტმა, ანა კალანდაძემ რედაქციას წარუდგინა რამდენიმე რვეული ლექსებისა... იგი მსმენელს იტაცებდა არა კითხვის გარეგანი ეფექტით, არამედ განცდათა უშუალობით, სიღრმით... საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმს განსაზღვრული აქვს ანა კალანდაძის ლექსები ცალკე წიგნად გამოსცეს ("ლიტერატურა და ხელოვნება", 1.06.1946). " თუმცა, მისი ლექსები ცალკე წიგნად, მხოლოდ 1953 წელს გამოვიდა, რადგანაც 1946 წლის აგვისტოში ლენინგრადის ლიტერატურული ჟურნალების იდეოლოგიურად დამუშავებას ჩვენთანაც გამოეხმაურნენ. "კრიტიკის საშინელ გრიგალში მოვხვდი" - იგონებს ანა კალანდაძე. იმდროინდელი კრიტიკა წერდა: " ზოგიერთ ახალგაზრდა მწერალს აშკარად დაეტყო დეკადენტური, აპოლიტიკური მოტივებით გატაცება, ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს ანა კალანდაძე და მისი ლექსები... მაგალითისთვის დავასახელებთ ლექსს "ხატებთან შვენი დახრილი წამი." რა საოცარ ანაქრონიზმად გაისმის ეს სიტყვები დღეს... ვის ესაჭიროება დღეს ასეთი ლექსები? ვის სულიერ განწყობილებას გამოხატავენ ისინი? ფორმალიზმი, უიდეობა, აპოლიტიკურობა ამაზე შორს ვერ წავა!" ("კომუნისტი", 5.09.1946) ანა კი უფრო შორს იყო წასული: "ჩამოფრინდა ანგელოზი ფრთათა რხევით, გადააგდო ლოდი იგი თეთრი ხელით... და შეშინდნენ და შეძრწუნდნენ მცველნი რადგან ქრისტე აღდგა!" მას შემდეგ ბევრმა წელმა ჩაიარა. "იდეებით სავსე" და " პოლიტიკით დახუნძლული" კრიტიკოსები დღეს აღარავის ახსოვს. მათ ადრესატზე კი უკვე ასე წერენ: "ქართველმა მკითხველმა და ლიტერატურულმა კრიტიკამ ანა კალანდაძე დიდი ხანია აღიარა ჩვენი პოეზიის დედოფლად" (შ. ზოიძე "ანა კალანდაძის პოეზიის თავისებურებანი", 1999წ). ყველაფერი კი ასე დაიწყო: ანა კალანდაძე: - რას ვიფიქრებდი იმ ზაფხულს, თუ გურიიდან, სადაც არდადეგებს ვატარებდი, ქუთაისში პოეტად დავბრუნდებოდი (იცინის)! ბავშვები ძალიან ვცელქობდით და ფოცია მამიდამ, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, ერთად დაგვსხა და რაღაც საინტრესო ამბავს გვიყვებოდა... არ მახსოვს რას, მაგრამ ის კი მახსოვს, დიდი გულისყურით რომ ვუსმენდით. უცბად, ჩვენ ყურადღება გაგვეფანტა - მთების წვერები განათდა და სავსე მთვარე ამოიწვერა. მამიდამ შენიშნა, რომ მოვიხიბლეეთ ამ სილამაზით და მეორე დღისთვის რაიმეს დაწერა გვთხოვა. ან პატარა ჩანახატი, ან რაიმე ლექსი დაწეროთ იქნებო. იმ ღამეს ყველას ეძინა ჩემ გარდა. დილით მამიდას ორსტროფიანი ლექსი ვუჩვენე, რომელსაც "ბადრი მთვარე" დავარქვი. მან კი ძალიან მომიწონა ჩემი პირველი ლექსი და სწორედ ამ მოწონებამ, ამ პატარა ბიძგმა გამოიწვია ჩემში პოეტური სიმის შერხევა. - გახსოვთ ის ლექსი? - მახსოვს, მაგრამ არ გეტყვით (იცინის), არც არასდროს მითქვამს მას შემდეგ, რადგან მიმაჩნია რომ ეს უბრალოდ, ბავშვური ფანტაზიის ნაყოფი იყო, სხვა არაფერი. - წარმოიდგინეთ, თითქოს ახლა იმ პატარა ანას გვერდით ხართ, რომელიც პირველად ცდილობს დაწეროს ლექსი... რა დარიგებას მისცემდით მას, რა ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაუზიარებდით? - აბსოლუტურად არაფერს! არაფერს არ ვეტყოდი, ჩუმად ვიდგებოდი ჩემთვის, იმიტომ რომ, ჩემი ბუნებისთვის უცხოა ვინმესთვის ჭკუის დარიგება. "ასე მოიქეცი, ისე არ მოიქცე, ჩემს ბუნებაში არ ზის, რადგანაც მიმაჩნია, რომ ყველაფერი თავისი გზით უნდა წავიდეს. არ შეიძლება ჩარევა და ძალდატანება. - 1946 წლის 25 მაისი... რას წამოიღებდით ამ თარიღიდან? - ახალგაზრდობას, იმ ასაკს, სხვას არაფერს... - რატომ გაჩუმდით? რამე გაგახსენდათ? - კი, თვალწინ დამიდგა გერონტი ქიქოძე, კონსტანტინე ჭიჭინაძე, ალექსანდრე აბაშელი, სიმონ ჩიქოვანი (რა კარგი თაობა წავიდა, რა ხალხი!), როდესაც ისინი იმის შესახებ ლაპარაკობდნენ, რაც შეიძლება მალე გამოვცეთ ეს კრებულიო, ზოგმა უბის წიგნაკის ფორმა თქვა, ზოგი უფრო დიდ ზომებს ამჯობინებდა. თუმცა, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ორი თვის თავზე გამოვიდა ის "ავადსახსენებელი" დადგენლება და ჩვენც აგვაწრიალეს და აგვაფორიაქეს. - კრებული კი მხოლოდ 1953 წელს გამოვიდა... - დიახ, და მასში ბევრი ლექსი არ შევიდა... - რომელი ლექსები? - " მოდიოდა ნინო მთებით", "ვარსკვლავების შარავანდით" და სხვა ლექსები... ეს იყო ძალიან თხელი წიგნი. "საქართველოო ლამაზო" შევიდა, მაგრამ საოცრად დასახიჩრებული ფორმით (მაშინ სიტყვა "საქართველოს" ადვილად ვერ ახსენებდი, აკრძალულივით იყო), მას მოაშორეს გროგოლ ორბელიანის, როგორც ძველი ავტორის ეპიგრაფიც (ამასაც კი მიაქციეს ყურადღება!). - რა კომპრომისზე მოგიწიათ წასვლა ეს კრებული რომ გამოცემულიყო? - "საქართველოო ლამაზო"- ამ ისედაც გრძელ ლექსს, ახალი ყოფის ამსახველი 36 სტრიქონი დავუმატე. თქვენ წარმოგიდგენიათ რა გავუკეთე საკუთარ თავს?! მაგრამ სხვა საშველი არ იყო. შემდგომ გამოცემებში კი სიმონ ჩიქოვანმა მირჩია, სათაურები მომეშორებინა, რადგან "სათაურები თვალში ხვდებათ და აფეთეფთო". მკითხველები კი, ვისაც ხელნაწერებიდან ახსოვდათ ეს ლექსები, მსაყვედურობდნენ, რატომ ამოიღეთ ეს სტრიქონებიო. მათი აქტიურობა მახარებდა ძალიან და სტიმულს მაძლევდა. "მოდიოდა ნინო მთებით" ამ ლექსიდან (როცა დაბეჭდეს) ამოიღეს ეს ნაწილი: "მიეძინა, ერთ წალკოტში მიეძინა და ფშატებმა მზისგან მიუჩრდილეს. ო, ეს... ვინ არის , გამოცხადდა მგზავრის წინა. - "ნუ გეშინინ!"- მიუგებდა იესო." - "ლოცულობს გველი"? ამ ლექსმა თავის დროზე აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია...ერთნი მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო შედევრი, მეორენი კი უიდეო და უაზრო ლექსად აღიქვამდნენ. ზოგი იმასაც კი კითხულობდა : "რის გამო უნდა მოვეპყროთ ნეტა, თანაგრძნობით, ან თუნდაც გულისყურით ანა კალანდაძის ლექსში გველსო?" (ვ.გაბესკირია, "წერილები ლიტრატურაზე, ხელოვნებაზე", 1963). მართალია ცოტა გვიან, მაგრამ მაინც, უპასუხებთ "გულუბრყვილო" კრიტიკოსს? - როგორ უნდა ვუპასუხო? შეიძლება ლექსი დაშალო და მერე ააწყო? არ შეიძლება! ლექსი, როგორც შენ მიიღე ნაკარნახევი, ისე უნდა გადაეცეს მკითხველს... ამ ლექსის შესახებ მართლაც რას აღარ წერდნენ... მაშინდელი მთავრობიდა ზოგიერთებსაც კი უმიზნებდნენ "ის" იგულისხმაო. "ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა, ნაიდუმალევს, როს მზეს აჩვენებს დაწინწკლულ ტანს და სევდიან თვალებს?" გველიც კი, თითქოს ინანიებს თავის ცოდვას და ამაზე შეიძლება იმის თქმა რასაც ბევრი ამბობდა მაშინ? გაოცებული ვიყავი ამ ლექსის მათეული ინტერპრეტაციით... ის გველი ლოცულობს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი არ ლოცულობს და არც იმას უფიქრდება, რა ზიანს აყენებს სხვას თავისი ენით. - სახარებისეული სიუჟეტის მქონე ლექსები ბევრია თქვენს შემოქმედებაში, რომლებსაც ყოველთვის მათეს სახარებიდან ურჩევთ ეპიგრაფებს. რატომ? - მართალი გითხრათ, არ დავკვირვებულვარ... და ეს კითხვაც არავის დაუსვამს ჩემთვის (იცინის). მართლა ასეა? - კი... ყველა სახარებისეული ეპიგრაფი მათეს სახარებიდან გაქვთ... - არ ვიცი, ალბათ უბრალო დამთხვევაა. შეიძლება იმიტომ, რომ მათეს სახარებით იწყება ოთხთავი და ეტყობა ის მხვდება ხოლმე თვალში. ან შეიძლება ის ნიუანსი, რომელიც კონკრეტული ლექსისთვის მჭირდება, სხვა მახარებელთან არ არის. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტრესო მაინც იოანეა... - სასიყვარულო მოტივების იშვიათობას თქვენს პოეზიაში გერონტი ქიქოძემ "გასაოცარი" უწოდა... და მართლაც "გასაოცარია", ნუთუ ანა კალანდაძეს არასოდეს ჰყვარებია? - როგორ არა (იცინის)! როცა ძალიან ვიყავი შეყვარებული, სწორედ მაშინ დავწერე "ლოცულობს გველი"... - ? - და არა მხოლოდ... ჩემი ლექსების ძირითადი ნაწილი, სწორედ ამ გრძნობის წყალობით დაიწერა. ის მაძლევდა საოცარ ენერგიას, რომელსაც ლექსებად ვღვრიდი. ყველა თავისებურად გამოხატავს სიყვარულს. ზოგს ჰგონია, რომ სიყვარული არის მხოლოდ გაშლილი საწოლი. მე კი ასე არ ვფიქრობ! მე მიმაჩნია, რომ მხოლოდ ეს არ არის. ერთი რუსი პოეტის სიტყვები მაგონდება, ლექსს მაჟორული განწყობა ქმნისო, ამბობდა. მართლაც ასეა, ლექსი მაჟორულ განწყობილებას მოაქვს. როცა რაიმე მწყინს და ცუდ ხასიათზე ვარ, საერთოდ არ არსებობს ჩემთვის არაფერი. ლექსს ქმნის ენერგია, მე კი ენერგიას სიყვარული მაძლევს. ასე რომ , როცა მიყვარდა, ყველაზე ნაყოფიერად სწორედ მაშინ ვწერდი. ამ ფორმით ვამჟღავნებდი ჩემს სიყვარულს. და თუ პირად ცხოვრებას იგულისხმებთ, ჩემს ამბავს, ხელახლა რომ ვიშვა, ისევ ისევე წარმართება ყველაფერი. მე თვითონ არაფერს შევცვლიდი... - თქვენ ერთ-ერთ ლექსში გაოცებული კითხულობთ: "ნუთუ ამ ფოთლებს ამ მღვიმეების, ამ მარტოობის არ ეშინიათო"? თქვენ გეშინიათ მარტოობის? - არა! არ მეშინია. ეს ჩემი მდგომარეობაა. შემოქმედი ადამიანისთვის ეს აუცილებელიც არის... თუმცა, სასურველია გვერდით ვინმე გყავდეს, მაგრამ მარტო ყოფნის საშუალებაც გქონდეს. მე ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ჩემს საქმეს ვაკეთებ და მაქვს ამისი დრო და საშუალება. - "ყველა ქართული სიტყვა მიყვარს, მაგრამ არის ისეთი სიტყვები, რომლებსაც ლექსში ძალზე იშვიათად ან სულაც არ მივმართავ ხოლმე",- წერთ ერთ-ერთ წერილში. ძალიან საინტერესოა, რომელ სიტყვებს ერიდება ანა კალანდაძე? - აი, მაგალითად მიესათუთა, სათუთი, სალუქი. ან "ტკბილი გრძნობა". ტკბილეული ძალიან მიყვარს, მაგრამ "ტკბილი გრძნობები" არა (იცინის)! - თქვენი პოეზია არაერთ ენაზეა ნათარგმნი. თქვენ თვითონ არჩევთ სათარგმნ მასალას? - ყოველთვის არა. მაგრამ რა თქმა უნდა ლექსებს შერჩევა უნდა. ერთ წელს მოსკოვში ვიყავი საკავშირო ყრილობაზე, სიტყვით ერთი აზერბაიჯანელი მწერალი გამოვიდა, რომელმაც არაჩვეულებრივი რამ თქვა ამასთან დაკავშირებით: "მთარგმნელს შენი ჯგუფის სისხლი თუ არ აქვს, ვერ ჩაწვდება შენს ნააზრევსო". რა კარგად არის არა ნათქვამი? მართლაც, ის ალთას არის, შენ- ბალთას, როგორ უნდა ჩასწვდეს, როგორ უნდა გაიგოს თუ "შენი ჯგუფის სისხლი" არ აქვს?! - თქვენი ლექსები თარგმნეს ელენა ნიკოლაევსკაიამ, ჰაინარკა ბაბირაკმა, ბელა ახმადულინამ და ბერვმა ცნობილმა პოეტმა თუ მთარგმნელმა. როგორ ფიქრობთ ვის აღმოაჩნდა "თქვენი ჯგუფის სისხლი"? - ნამდვილად ძალიან ბევრის მადლობელი ვარ! მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია შედარებით უცნობი მთარგმნელის, ტატიანა ბეკის ნამუშევარმა. მან თარგმნა "თუთა". ზუსტად ჩაჯდა ზომაშიც და ფორმაშიც და ყველაფერი მშვენივრად გამოუვიდა. როცა წავიკითხე, იმდენად მომეწონა, რომ მაშინვე ზეპირად დამამახსოვრდა. არაჩვეულებრივი თარგმანია! ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ლექსი ვერ შევიდა ჩემს რუსულ კრებულში. მან სხვა ლექსებიც შესანიშნავად თარგმნა! - თქვენც თარგმნეთ მალარმეს, პუშკინის, ახმადულინას ლექსები... - მურმანმა (ლებანიძე) იცოდა ხოლმე თქმა, ლექსი რომ მომეწონება, რომ არ ვთარგმნო არ შემიძლიაო. მე კი იმითი ვკმაყოფილდები, რასაც დედანში ვკითხულობ და ეს საპატიო საქმე, რომელსაც თარგმნა ჰქვია (უნდა ვაღიარო ეს ჩემი ცოდვა!), საერთოდ არ მიზიდავს და რაც ვთარგმნე, მთარგმნელობითი კომისიის თხოვნის წყალობით გაკეთდა. - "საუბრებში" წერთ: რა ეშველებოდა დედამიწას მუსიკამ რომ მიატოვოს იგიო? თქვენი აზრით ყველაზე მეტად "ურომელმუსიკობა" გაუჭირდებოდა დედამიწას? - "მრავალჟამიერის", ჩაკრულოს, ქართული საგალობლების გარეშე გაუჭირდებოდა ძალიან... - სად მოისმინეთ პირველად (და რა რეაქცია გქონდათ) თემო ნაცვლიშვილის სიმღერა ლექსზე "საქართველოო ლამაზო"? - ერთხელ ჩემთან მეგობარი მოვიდა და მითხრა, შენს ლექსებს ქუჩაში მღერიან, ახლა მოვისმინეო. მაშინ არ ვიცნობდი თემოს და არც ეს სიმღერა ვიცოდი მერე უკვე ოჯახებში წვეულებებზე მღეროდნენ გიტარის აკომპანიმენტით, მეც სწორედ ასე მოვისმინე პირველად. საერთოდ, როცა ჩემს ლექსებს თარგმანში ვკითხულობ, ან მასზე შექმნილ სიმღერებს ვუსმენ პირველად, არის ხოლმე რომ რაღაც უცნაური, გაუცხოების გრძნობა მრჩება. ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა, ისე მივიღე ეს მელოდია! ძალიან მომეწონა.... შეუძლებელია არ მოგეწონოს! თემომ ჩემს სხვა ლექსებზეც დაწერა სიმღერები. - ლექსიკონის ავტორი რომ იყოთ, როგორ განმარტავდით სიტყვას "პოეტი"? - "არა მარტო ტკბილ ხმათათვის გამომგზავნა ქვეყნად ცამან",- ეს არის ჩემთვის პოეტი... - "პოეტ ქალზე" რას იტყოდით? - "პოეტი ქალი" არ არსებობს, პოეტი ... და მორჩა-გათავდა! - რომ მეთხოვა თქვენი უსაყვარლესი პოეტების დასახელება, ყველაზე პირველად ვისი სახელი გაგახსენდებოდათ? - რუსთაველის... - გაქვთ ისეთი ლექსები, რომლებიც ჯერ არსად გამოქვეყნებულა? - კი... ბევრი არა, მაგრამ მაქვს... - თქვენ რა თემით დაასრულებდით ჩვენს საუბარს? - მშვიდობით. ყველა საქმის საფუძველი არის მშვიდობა. სხვა არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. საშინელებაა როცა სადმე სისხლი იღვრება! მშვიდობით ყოფილიყოს ჩვენი ქვეყანა, თქვენც მშვიდობით ყოფილიყავით და შევხვედროდეთ ერთმანეთს კვლავ (მიცინის)... ესაუბრა ია კალანდაძე "დილის გაზეთი" (15.04.2004)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი