წერილი ღმერთს - ვოლტერი


ადამიანებს კი აღარ მივმართავ, არამედ შენ, დროის, სამყაროსა და ყოველი არსების შემქმნელო ღმერთო. სამყაროსათვის შეუმჩნეველ, უსასრულობაში ჩაკარგულ უსუსურ არსებებს თუ გვაქვს უფლება, რომ რამე გთხოვოთ შენ, ვინც შექმენი ეს ყველაფერი. შენ, ვისი ბრძანებებიც უცვლელი და მარადიულია.

 გაიღე მოწყალება და სიბრალულით გადმოხედე იმ შეცდომებს, ჩვენს ბუნებაში რომ შევიტანეთ,  რომ განსაცდელში არ ჩავარდეთ .

შენ არ შეგიქმნია გული იმისთვის, რომ ერთმანეთი გვძულდეს, არც ხელები- ძმისთვის ყელის გამოსაჭრელად. 

შეგვეწიე, რომ ერთმანეთს მტანჯველი და წარმავალი ცხოვრების ტვირთვის ზიდვაში დავეხმაროთ; 

 რომ ის პატარა სხვაობა, ჩვენს სამოსებს შორის, უვიც სხეულებს რომ გვიფარავს, ჩვენი საუბრის სტილსა და სასაცილო წესებს შორის, არასრულყოფილ კანონებს, ჩვენს უაზრო შეხედულებებსა და პირობებს შორის, ჩვენს თვალში რომ ასე უთანასწორო  და შენთვის რომ ასე თანასწორია, არ გახდეს საბაბი სიძულვილის.  ეს უმნიშვნელო დეტალები, იმ ატომებს რომ განასხვავებენ, ადამიანებს რომ ეძახიან, არ გახდეს მიზეზი სიძულვილისა და დევნის;

რომ ისინი, ვინც  შენს სადიდებლად დღისით  ანთებენ სანთელს, იტანდნენ მათ, ვინც შენი შექმნილი მზით კმაყოფილდება. რომ მათ, ვინც შენი სიყვარულის საქადაგებლად თეთრი კაბით შეიმოსა,  არ სძულდეთ ისინი, ვინც იგივეს ქადაგებს შალის შავი საფარველის ქვეშ;

რომ ერთნაირად იდიდოს შენი სახელი როგორც არქაულ, უძველეს ენებზე, ასევე თანამედროვე ჟარგონზეც;

 რომ არ გაამპარტავდნენ ისინი, ვინც ტალახის გროვის ერთ პატარა ნაგლეჯს განაგებენ და რაღაც მეტალის მომრგვალებულ ფრაგმენტებს ფლობენ ; რომ სხვებს არ შურდეთ მათი, რადგან მხოლოდ შენ იცი, რომ ამ პატივმოყვარეობაში, არც შესაშურია არაფერი და არც საამაყო. 

ადამიანებმა გაიხსენონ, რომ ძმები არიან და შეიძულონ ის ტირანია, მათ სულებზე რომ ბატონობს; [...]  

თუ ომები გარდაუვალია, არ გვძულდეს  და მშვიდობის დროს არ გავანადგუროთ ერთმანეთი. 

და რომ ჩვენი წუთისოფელი  ლოცვად ვაქციოთ, ათას სხვადასხვა ენაზე წარმოთქმულ    ლოცვად... შენდამი, ვინც ეს  წუთი გვიწყალობე . [...]



ვოლტერი, ტრაქტატი ტოლერანტობის შესახებ, თავი XXIII
ფრანგულიდან თარგმნა ია კალანდაძემ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი