ღამის მოგზაურობა


როგორც ყინულოვანი ნატეხია ოცნება
უტიფარი დღეების მონაცისფრო რაფებში,
ჩემმა სულმა ისურვა ღამის მოგზაურობა
ამ ქარივით უსაზღვრო, ლეგენდების მხარეში.

მიღმა რჩება ყოველი, ფიქრი ადუღებული,
ახლა მხოლოდ ერთია მოსახვეჭი არსება,
ვით ათასი წადილი ნამსხვრევებად ქცეული
ჩემთვის, როგორც სიკვდილი გამჭვირვალე დარჩება.

გაშუქებულ სიქველეს ფასი ორჯერ აკლდება,
ახოვანმა დუმილმა გზა გაკაფა ძეძვების,
აორთქლილი ლოცვები წვიმად მომეფინება-
ქარიანი ღამე მეტანიად ხეების.

ჩემთვის არ მოუციათ მოსაზღვრეთა დარაჯი
სანაცვლოდ ჩამაბარეს უჩინარი პალიტრა,
მოოქრულ ფარჩებში შემზიზღდა სახელი
და მათხოვრად ქცეული წუნიც არ მეკარება.

მოტეხილი ფრთებია ჩემი დიდი ტკივილი,
დახურული ფანჯრები მძულს, როგორ მეჯავრება...
ჩირაღდნად ანთებული მშია გულის კივილი,
ეს უცნობი ძახილი მესმის, არ მელანდება!

ღამემ ყველა ხიზნებით, ჩემთვის მოულოდნელად
უსაფუძვლო ხსოვნაშიც ურჩხული გააღვიძა,
ახლა, როცა იმედი იბრძვის დრომოცვეთილი
ვიცი რომ გაფრენისთვის რწმენამ სვლა შეანელა.

დაუნდობლად მიცქერს შორეული რიჟრაჟი,
იცის ერთი მგზავრი ვარ თვისი გულის მსმენელი,
ჩემთვის უმოძრაობა მოძრაობის მირაჟი-
ერთი ამოსუნთქვაა უსასრულო სივრცეში...

ქვიშა თოვლად ცვიოდა, მაგრამ რისთვის ვიბრძოდი?
სარკეების მსხვრევისთვის დრო ყოველთვის არ მყოფნის,
ღამის მოგზაურობა აფხეკილი სულისთვის 
მცირე აგონიაა დიდი გასამრჯელოს წინ.

იძრწვის მიწა, გუგუნებს - ელვა და ქუხილია,
თითქოს ჩამოსასვლელად ემზადება მეონი,
წამით ჩემი სხეული - სამყაროს ელეგია,
შენი თავგანწირვა - ამ სულისთვის მირონი.

იაკობ ქსოვრელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი