როცა სიკვდილის ჟამი დადგება


როცა სიკვდილის ჟამი დადგება
და ველებს დაჰკრავს ელვათა ელდა,
ვერც რას გაიგებს მამა-მშობელი,
ვერ რას მიხვდება საწყალი დედა.

მე ვარ ელვასთან შეზრდილი ერთობ
და თუმც ჩვენ შორის დიდი გზა არი,
ელვად ქცეული ამოვიფერთხავ
სულიდან მას, რაც როგორც ნაცარი,
ისე იქნება სადღაც ჩამცხრალი.

და ოდეს, ვითარც ქარიშხლის ბრდღვინვას
თქვენ გაიგონებთ ქუხილს და გრგვინვას,
სთქვით, რომ ქუხილს და გრგვინვას მარადის
წინ უძღვის ელვა,
რომელიც მე ვარ...

და უკვდავებაც ეს არის ჩემი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი