**დავითის ცრემლი, გრაგნილი არფა...
დავითის ცრემლი, გრაგნილი, არფა, მინდოდა მხოლოდ ამქვეყნად მაგრამ, გვიან მივედი ცნობის ნაკადთან, - ჩემი არსება არავის ბაძავს! ძმადნაფიცები ჩრდილში დამფრთხალან, გოლიათს კი არა, ებრძვიან ბაყაყს. შურმა იმონა მეგობართ ტალღა, გზად მომღიმარნი რჩებოდნენ გაღმა. გრძნობათ სიუხვემ ეჭვი დაბადა, - ყველა გამვლელმა გიჟად ჩამთვალა. ჩემს სტრიქონებში ვიპოვე შვება, მაგრამ ხანმოკლე თამბაქოს მსგავსად. მეძავის სხეული, სამოსი წმინდა, მარად მზვერავი ღამის და დღისა. გამომძერწავი წმიდა სახეთა, ამ იერებში ვხედავდი განსჯას. და გაქცეული ყველაფრისაგან, ვუბრუნდებოდი სამოსელს ახალს. უღრან ტყეებში გაჭრილი ველად, როგორც მხეცი მითოსურ ღმერთად, მიფრიალებდა ალამი მკვდართა და ტკივილამდე ცხოვრება მწადდა. სულ ერთი იყო, იყო და ახლაც, შერიგება მსურს საკუთარ თავთან. გულით და გონით ღორის ცხოვრება მივასიკვდილე სოროში შხამთან. ნიშანი შენი ყინვისგან მიცავს! ბეჭედი შენი მინათებს სავალს, გულის სათქმელს კი, როგორც სუდარას, მხოლოდ შენ იცი სადაც დავმარხავ... თვალი მარადის ქაოსს უძლებდა, სული ფრენისთვის კოსმოსს არღვევდა. ვით ჩრდილოეთის ნათება გახდა, მუნჯი ვედრება მართალთა ტანჯვა. ჰოდა, დაეცეს ეგე შენობა, როგორც ყოველი ამაო სწრაფვა. დაე, წაიღოს სიზმრები ქარმა, სიზმრები, სადაც დიდ ტყუილს ვგავარ... 28.12.2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი