სიყვარულის სადიდებელი
მზე უძღვნის მიწას არსებობის შეგნების ყვავილს და აღტკინებას უდიადესს როს შეიგრძნობ გონების თვალით, მიაღწევ მაშინ ყოფიერის უმაღლესს სრულქმნას - ღმერთს განუყოფელს. მაშ, წინ იარე, რადგან გიბრძანეს. მაშ, წინ იარე და მიიღებ კუთვნილ საზღაურს. მას, ვინც შექმნილა სიყვარულისთვის, და მას, ვინც ელის, იგი იხილავს ღვთაებრივი სიმშვენიერის ლოტოსის ყვავილს. ამ ყვავილივით მისი გულიც გადაიშლება ალერსისა და სიყვარულისთვის და გულის ცეცხლი შთანთქავს გონებას. და იქნება დიდი ნათელი. წმინდასა, უბიწოს განეხვნება სამოთხის კარი. ხოლო გული მგზნებარე და ალმოდებული, იქნება როგორც სამოთხეში შესვლის პაროლი. დე, არასოდეს მიგატოვოთ გონებამ თქვენმა! მგზნებარე გულში დატეული ზღვა სიყვარულის ყრუ საიდუმლო გაცხადდება სხივფენილ ზღურბლთან. მაშ, მოემზადეთ ხელახალი ცხოვრებისათვის. დე, შუქი ცის და მწველი ცეცხლი სიყვარულისა თავს დაგეფინოთ შარავანდედათ. ვინ გადაარჩენს სიყვარულის უმანკო ცრემლებს? გესმით ძახილი? გადაარჩენთ თუ მისდიეთ ჭეშმარიტებას და კოსმიური იგრძენით ძალა. სრულყოფილება სიტყვაშია, მხოლოდ გიყვარდეთ! თუ შეიცანით ძალა მისი და სიდიადე ადამიანო, გეუბნები შენ გადარჩები. მაშ, წინ იარე, კვლავ წინ იარე. ცეცხლში ძიება, ძიებაში ახალი ცეცხლი ერწყმის ცისფერ ცეცხლს ყვითელი სევდით. ცისფერი ცეცხლი? სიყვარული? თუ დანანება დაიბადება, იბადება ახალი სუნთქვა, ახალი ცეცხლი იბადება, კვლავ იბადება. დრო იყო მსხვრევის, ახლა დროა კვლავ ამაღლების. ადამიანო, გეუბნები, შენ გადაარჩენ წუთისოფელს და თუ შეისმენ სიტყვას კოსმიურს, შენც გადარჩები! თქვენ უნდა ნახოთ სიყვარულის წმინდა აღლუმი, თქვენ უნდა იხსნათ კაეშნისგან თვით სიყვარული. გახსოვდეთ მუდამ, სიყვარულით დაგბადათ ზეცამ და ასე მუდამ სიყვარულით იარეთ ქვეყნად. იაკობ ქსოვრელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი