ბიზანტიური ბროწეულები


სასახლის ბაღში წამოზრდილი ბუჩქის ნაყოფი
ოქტომბრის ბოლოს დედოფალს ლანგრით მიართვეს.
ხავერდოვანი მისი სამოსი რას შეედრება?
სწორედ ამავე ბროწეულის ფერის მშვენებას.

მისმა თითებმა ორად გააპეს მწიფე სიწითლე
და ოქროს ბეჭდებს შორის იგი დაინაწილეს.
სისხლით შეღებილს, მაგრამ მაინც ქალურ მშვენებას -
ლალის მხურვალე ტუჩსაცხია რაც ეკადრება.

მარცვალ-მარცვალ ტუჩს შეახებს ისე გასინჯავს,
და გაიხსენებს ყველა მტერსა და მოღალატეს,
ვინც მოიშორა თავის გზაზე, მტვერში დააგდო -
ვინც კი გაბედა მის სახელზე  ფიქრი უგვანო.

ღმერთი კი მაღლა უდაოა, სწყალობს დედოფალს,
ის ბნელ საქმეებს ქარს გაატანს და დავიწყებას...

მონა-მსახური თავჩაღუნული იდგა კუთხეში
და ახალგაზრდა გული ახრჩობდა ფიქრთა ტალღებში:
- შენ დედოფალო,ახლა ხარობ ტკბილი ნაყოფით,
მაგრამ არასდროს არ იქნები სულის სამყოფი.

მხოლოდ ვნებაა სასახლეში, მხოლოდ ჭორები,
შეთქმულებანი და ჟინიანი ავხორცობანი,
ახლა მიირთმევ მაგ თითებით ბაღის საჩუქარს - 
წლები გაივლის შეერწყმები მტვერს და ნიადაგს.

აღარ დარჩება ეს მშვენება, როგორც ყვავილი,
ისე გახმება, როგორც ჩემი გულისსურვილი,
შენ არასოდეს არ იქნები  უბრალო ქალი,
რომ ჩემთან ერთად იყო, როგორც ბეჭედზე თვალი.

დღეს გახარებს ძვირფასი ფარჩა, სამოსი, ქვები,
და ის ტაძრები აგებული შენს სადღეგრძელოდ,
მაგრამ არასდროს, მტკიცედ მჯერა, ნეტავ იცოდე,
რომ აქ გულწრფელად აღარავინ არ შეგიყვარებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი