ქურუმი
ძველი ტაძრის ვარ მოგვი და ქურუმი, მსახური ეგვიპტის ქვიშაში ჩაფლული, მებორნე ვიყავი, ნილოსში მცურავი და მკვდართა გრაგნილთა მცველი და მფარველი. როდესაც მომესმა ცხოვრების ტკივილი დიდ მსახურებაში ვეძიე ნუგეში, და ქადაგებებით, ამაყი ნიღბებით ხალხს გამოვეცხადე - ამონის გზავნილით! ვარსკვლავთა გამოთვლით მეგონა ვიცოდი, მეგონა მიპყვრია სამეფოს ნიშნები, მაგრამ განდევნილი, ნიშანამომწვარი პირუტყვ და უჩინარ აჩრდილად ვიქეცი. აღარ ვარ ქურუმი, აღარც ვარ მსახური ხელთქმნილი კერპების და ცხელი მნათობის, ახლა ხალისობენ ამ ჩემი იერით, ისინი, ვის გამოც თავი მოვიკალი... ამიტომ, როდესაც მოვკვდები, გავქრები ვერ დაველოდები გულს როდის ამომჭრით, ოსირისს, გახრწნილთა სამეფო გიპყვრია- მაშ, ახლა ამწონე თუ რამეს იპოვი... ხალხში მიცხოვრია, ქვიშა მიჭამია სასოწარკვეთილი შელოცვის ოსტატი, ვანდობ ჩემს სხეულს უცხოურ მანტიას და სულის გულისთქმას სრულყოფილ სიმაღლეს. მე ხუროთმოძღვარი უცნობი ფერების ვარ მოჯამაგირე იდუმალ ცოდნათა, მაგრამ სიკვდილია ის ამოუცნობი, რომელიც ახლოდან სუნთქვასაც მიკრძალავს. ვიყავი ქვიშა და გადამწვარ მიწას არ მიაბარებენ ღმერთების მხეცები, სული კი ქორივით ზეცაში აჭრილი წვიმად გადმოსული დალოცავს ანუბისს... ახლა კი ცხოვრებამ ნამდვილი გზა მომცა, რომლის აზრის მზე - ალექსანდრიაა, რადგან ამ სიყვარულს სჭირდება სამისნო- მე მისი ერთგული, ის - ჩემი მცველია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი