Pater noster
მამაო ჩვენო, თუ არსებობ ცათა შინა, ყველას თანაბრად თანაუგრძნობ, იყვარებ ყველას, რატომ უბრძანებ შენს მსახურებს გამიჯნონ, მოძღვრონ, როცა თავად შენვე შექმენ მრუდე სამყარო? მამაო ჩვენო, შენ ბოროტებას მიეცი ნება, შენ მიეც ბოროტს არსებობის თავისუფლება და მაშინ გვითხარ რატომ უნდა ვიკვებოთ მხოლოდ ამ უსასრულო დაპირებებით, რომელთა ლოდინს შემოაკვდა თაობა ასი და უფრო მეტიც და ყველაფერი უხილავად, და უსაფუძვლოდ... მამაო ჩვენო, თუ არსებობ ცათა შინა, თუ შენც არა ხარ ოცნების ლანდი, ვით თოვლის პაპა, თუ საზრისი ხარ, არსებობა, ნამდვილი ყოფა - რა ეშველება გადაღლილ თვალებს, ნესტიან ბალიშს? ან როგორ ვენდო სხვების ნაწერ და ზეპირ ამინს როცა პასუხი არაფერზე არასდროს არ გვაქვს და ყველა ბგერას მოუძებნის კაცი უკუაზრს და მაძიებელს ამით ბნელში მარად ჩარაზავს. მამაო ჩვენო, თუ არსებობ, თუ სუფევ მართლა, სიკვდილს რა ვუყოთ, ამ უზარმაზარ სპექტაკლს და დადგმას? იგი რომ არა, განა ვინმე გეყოლებოდა ტაძარში მყოფი მატრაკვეცა იმ მსახურთაგან? მამაო ჩვენო, ბეღურებზე ჩვენ თუ ვძვირფასობთ არ მითხრა ახლა ბეღურებსაც მოუვლენ ქრისტეს... ყოფნა-არყოფნის დერეფნებში დავხეტიალობთ და ის მადარდებს ლანდი მე ვარ თუ შენ გიწოდო? მამაო ჩემო, (ჩვენს არ ვამბობ, მაინც მარტო ვარ), ახლა სეტყვა ვარ, თოვლით მოსილი - წვიმა უენო. ჩემი წასვლა იდიდოს მხოლოდ, როგორც აქ მოსვლა - და თუ მამა ხარ რად გვექცევი მამობილივით? 24.09.2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი