ფოსფორის ვარსკვლავები


ფოსფორის ვარსკვლავებს წლების წინ ვაკრავდი 
ოთახის ჭერზე, სიცივეში.
არავის ესმოდა ჩემი და წყვდიადის ამით მსურდა დამარცხება.
ციებ-ცხელებაში, ბოდვების ნისლებში
კიბეზე ვიდექი ფამფალით,
როგორც ერთ ებრაულ ამბავში იაკობი -
კიბეებს ვხედავდი სიზმარშიც.

ძლიერი ყინვისას მიწაში ჩავფლავდი  რაიმე გემრიელ მცენარეს, 
გიჟი ხარ? - მეტყოდნენ, მათ გავუღიმებდი
- ეს უსაფუძვლო რით გახარებს?

მერე კი იქიდან ჩამოსულს მზარავდა კედლების ყრუ, მკვდარი დუმილი,
და დასაძინებლად მხოლოდღა საკუთარ ძილისპირულებს ვუმღეროდი.

ძილი და სიფხიზლე ჩემთვის სულ ერთია, ვფიქრობდი, 
ვჭამდე უგემობას.
- ორმოცზე მაღალი სიცხე აქვს - მესმოდა, 
სასწრაფოს ციმციმსაც ვარჩევდი.

და როგორც ზღარბს ან პატარა ზაზუნას 
მთელი წლით მსურდა დაძინება,
ცას ვეღარ ვხედავდი, ცა ჩემზე დაეცა 
მხოლოდ ფოსფორის ვარსკვლავებში.

და რომ მორჩებოდა ხვნეშები, წამლები,
ზამთარი წყეულიც როდესაც, -
მხოლოდ ვარსკვლავები მხედავდნენ მხნედ მყოფში 
გადაღლილს, გადაღლის, გადაღლილს...

23.09.2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი