მამა,მითხარ...


მამა, მითხარ დღეს ღამე რომ მოვკვდე
შენნაირად ვინმე დამიტირებს?
ანდა წუხილს, ტკივილს, ტანჯვას ქვეყნად
თუ უწესებს ღმერთი მრუდე საზღვრებს?

მამა, მითხარ, დღეს ღამე რომ მოვკვდე
ვინ აანთებს ჩემს ხატებთან სანთელს?
ანდა სახელს, ჩემს სახელს რომ მარქმევ -
ეს სახელი გამომყვება მანდეთ? 

მამა, მითხარ, დღეს ღამე რომ გავქრე
განა ვინმეს ვეხსომები დიდხანს? 
ან ბოროტი რით გავწყვიტო ბადე,
ასე ძლიერ რომ მიწოდებს მიწას?

მამა, მითხარ, დღეს ღამე რომ დავდნე,
დამიბეროს გალაადის ქარმა,
შენს სიბერეს თუ ექნება აზრი
ან თუ ნახავ დროს სიკვდილზე ძვირფასს?

მამა, მითხარ, ზეგ, როცა დამკრძალავთ
იფუსფუსებს ჩემს ბუნაგში ვინღა?
აქ სინესტეს ვით სიცივეს მანდეთ - 
ჩემნაირად ვინმე თუ აიტანს?

მამა, მითხარ, დღეს ღამე რომ დავწვე,
მარადიულ ძილს რომ შევვუფარდე,
კვლავ იდარდებ ჩემს აზრებზე, სვლაზე,
ანდა გზებზე, რომისაკენ მიმავალზე?

მამა, მითხარ, დილამდე რომ გავქრე
ჩემი და დიშვილებს როგორ გაზრდის?
ან სიყვარულს, ახლა ზღვაზე წასულს -
ყურში სიტყვებს ვინღა ეტყვის ფაქიზს?

მამა, მითხარ, ხვალამდე რომ მოვკვდე
ეზოში ხომ აღარ მოჭრი ვაზებს?
ალუბლებსაც ნუ დააჭრი ტოტებს,
ძლიერ სისხლობს ჩემი სისხლი მათში.

მამა, ნეტავ გქონდეს წმინდა თვალი,
სულის ფსკერში ჩაიხედო ჩემთან..
შენ გიყურებ მამა, დავდე ზავი - 
ყოფნისათვის შვილებს არ გავწირავ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი