სულის ამოსვლა


ისევ სპირალურია მოძრაობა ქაოსში,
ბრუნავს ჩემი გონება უსასრულო შავეთში,
არქაული ძიებით მელის ციებ-ცხელება,
ერთი ნაწილაკისგან ცნობიერი ვლინდება.

აჩქარებულ აზრებში კომეტების წვიმაა,
აგებული საყრდენი - მოჩვენების ფიქცია.
წრებრუნვაში ბრძოლაა, ზეფიზიკურ შრეებში,
ჩემი ფილოსოფია იმალება კვეთებში.

ყველა აგებულება სტრუქტურულად ფორმაში
მოლანდების მირაჟებს არგუმენტით აშინებს,
ბგერების ჟღერადობა, როგორც სპექტრი სინათლის -
ჩემს სახეზე იშლება ცისარტყელად მითოსის.

ისევ ჩემთვის ვარსებობ თვითკმაყოფილ ტყუილში
და ნამდვილი ჩემი "მე" ვერ შორდება სამყაროს...
ჩემი  ყოფიერების სურვილების ტკივილში 
მაინც ვეღარ გავიგე, რეალობა არსებობს?

დღევანდელი ღამისთვის მომაკვდავი დავწვები,
მოსაფრენ ანგელოზებს ალბათ აგვიანდება,
ტკივილთან შეგუება ისევ დუალიზმია
და პოეტის წუხილი - ღმერთთა შიზოფრენია.

ვეძებ სიცარიელეს პაპირუსის სტროფებში,
ხალხურ შუაღამეში ჩემთვის ვციცინათელობ,
წმინდა წყალი აიღვრა დავიწყების ჭაობში,
რადგან გალაქტიკაში ობლად დავხეტიალობ.

ჩემი ორბიტალური სიჩქარეა სიცოცხლე
აღებული კვადრატში სიკვდილთან ჭიდილისას,
დაცემული გოდოლი - ცრემლის თავშესაფარი,
ჩრდილოეთის ციმციმი გონს არ ეფოთინება.

ღამეული ბოდვები ცისკრისკენ ითრგუნება
და მამლების ყივილზე გული იგრძნობს საგულეს,
ვარსკვლავური ტრაური დუმილით იფარება,
რადგან გარდაცვალებით ვერ ივიწყებს შეცდომებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი