დემონური ქარები


ცხელი ქარი ქრის, 
ძალიან ცხელი,
ალბათ დემონმა დაიწვა ფრთები,
პირქვე მავალმა დაფანტა ვალები -
გამწამებელმა ჩემი თვალების.

ხუფავს ჩემს ფიქრებს სიბნელე ჭერად,
დაწყვდიადებულს მგზავნიან ელჩად;
ამდენ ციმციმს ვერ ავიტან ჩემში, 
მიწის კი არა - სინესტის ხევში.

წიწკნის სიმშვიდეს ფანჯრიდან ხედი,
გულს აძაბუნებს ჭრაჭუნი კარის,
იქნებ გამძლეა კაუჭი, თოკი...
ვაი, ზმანებავ, მიტაცებს ქორი.

ვინძლო ზაფხულის დაკრძალვა თითზე
შემომეხვევა უდროო ბეჭდად,
თუ არ შეისმენ - მეც ვიყო ძელი,
მარილსვეტისა- ,,ცოდვილთა" ძეგლი.

დედის კრუნჩხვები, შვილის ბღავილი, - 
მითხარ სხვა რაა სიცოცხლის ძახილი? 

თუ ტლაპოებში სიარულს ლამობ,
მაშინ აროდეს იქნები მარტო,
სხვა საკითხია ოდეს გუბეში -
ვინმე ჩაგახრჩობს ნაზად უხეში.

არა! 
არა! 
დავწვავ ყველა გრაგნილს,
მაგრამ მაინც სად ვიპოვი საზრისს;

და ტირიფს ნუ ჰკითხავთ რატომ ჩატყდა,
აუწონეთ წონა, რაც დააწვა...

ყველა სწორ-მაცდურს გადაეღვარე
წარღვნის ტალღებად, მარად მჩქეფარე,
ანდა ცრემლებზე მროკავ კომეტებს 
ნუღარ უღიმი სულთა პლეადებს.

არა!
არა! 
დამიმშვიდეთ გული,
ეს როგორი ცხელი პნევმა მაქრის...

ჩემს ობლობას მოასწავებს მკვდარ ტომს, -
ეპისტოლეს ლაოდიკთა სამწყსოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი