თვალებდათხრილთა ოთახში


თვალებდათხრილთა ოთახში


არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს როგორ, რა გზებით, ვისი თხოვნითა თუ მოწვევით ვიყავი იქ, მაგრამ ის, რომ იქ ვიყავი, უდავოა. ვიყავი ოთახში, რომლის დანიშნულება ყველასთვის ცნობილია; იქ გაკვეთილებს ატარებენ. მაგრამ უცნაური მხოლოდ ის როდია, რაც შემდეგ შემემთხვა... არა, უცნაური იქ მოხვედრის პირველივე წუთიდან თვალში საცემი იყო. ბავშვები... სად იყვნენ ბავშვები? ისინი არა მხოლოდ ამ ოთახში არ იყვნენ, არამედ მთელი სისავსით ვგრძნობდი და ეს გრძნობა თითქოს მთელ შიგნეულობას მირყევდა, გრძნობა იმისა, რომ ისინი საერთოდ აღარ არსებობენ. ქუჩაშიც რომ მქონოდა გასვლის საშუალება, ისედაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი აღარ არიან. თითქოს უმალ არარსებობის სუნთქვამ ჩაიქროლა სამყაროში და ყველა გულწრფელი და შედარებით ნაკლებად მანკიერნი მოსპო, აღიგავა პირისაგან მიწისა.

კლასში მსხდომნი ის იყო მოემზადნენ, ჩემთვის ყური დაეგდოთ, როცა თითქოს ჩემ საპირწონედ სხვა მოვიდა.

მას კლასიკურად ეცვა, საუბრის ყველა მანერა ამჟღავნებდა რაღაც საიდუმლოს, რომელიც მან იცოდა, ხოლო იქ მყოფთათვის იდუმალებად რჩებოდა. მედიდურად და მტკიცედ საუბრობდა, არ იყო მის სიტყვებში არაფერი უბრალო, ნამდვილი, ჩვეული. ის საუბრობდა, როგორც მცოდნე და ცოდნის გამტარი, ყველაფერს აკეთებდა ხალხის გასაქვავებლად. არ არსებობს სხვა შედარება, არა. ისინი ადამიანებსაც კი არ ჰგავდნენ. გაშეშებულნი, შუშის თვალებით უცქერდნენ და მის მბრძანებლურ შეკითხვებს მხოლოდ პრიმიტიული ბგერებით პასუხობდნენ. მათში აღარაფერი იყო ადამიანური — ისინი ისხდნენ და ბრმად იმეორებდნენ მის ყველა დებულებას. დებულებანი კი, გეტყვით მე თქვენ, თავისი აბსურდულობით ყოველგვარ გიჟურ წარმოსახვას უკან იტოვებდა. მის ყველა აზრში მხოლოდ ერთ რამეს ეფინებოდა ნათელი — მას მათი დატყვევება სურს, მაგრამ მთელი საზიზღრობა ამ სიტუაციის მაშინ ვიგრძენი, როცა გავაცნობიერე, რომ ამ ყველაფერს იდეის დონეზეც კი აბსოლუტურად არანაირი მიზანი ან დანიშნულება არ ედო საფუძვლად.
უსაზარლესი სიტუაცია ყოველი წუთით ურჩხულისეული ყვავილის ახალ ფოთლებს შლიდა.

ზრდასრულები ბრმად ადგნენ, მიშტერებულნი, რთულად გასარჩევი უაზრობების ბურტყუნით დაიწყეს წრეზე სიარული. არათუ უბრალოდ წრეზე სიარული, ბრმად, უსინათლოთა მსგავსად გზაზე ეჯახებოდნენ, აყირავებდნენ მერხებს, გადაყირავებულ ავეჯს კი პირდაპირ ზედ აბიჯებდნენ და ბუტბუტებდნენ. როგორც მოწამლული მორიელები საკუთარ თავს ჩქმეტდნენ და კბენდნენ, მაგრამ ამაოდ, მათგან არავინ გამოფხიზლდებოდა, რადგან ეს ქცევაც იმის დავალება იყო.

უცებ ყველა შეჩერდა და მან დაფასთან მომიწვია. მთელი ჩემი არსებით ვცდილობდი, არ გამემჟღავნებინა ცხოველური შიში იმ აბსურდის მიმართ, რომელიც აქ რიტუალივით სრულდებოდა.

— მოდი ისაუბრე სიყვარულზე, როგორც ვიცი, ეგ კარგად გეხერხება, - მითხრა მან და ცინიკური მზერით დამითმო ადგილი ჩემს კუთხეში მოსვლით, საიდანაც მე დავიძარი.
— როქის სვლა? - გავიფიქრე და გაქვავებულების წინაშე წარვდექი. 
— რაზე ვისაუბრო? -— ვკითხე მას, ვისაც არც მასწავლებელი და არც ზედამხედველი არ ერქვა, — არ ვიცი. რა გსურთ ჩემგან? 
— სიყვარულზე. მათ აინტერესებთ, ხომ გაინტერესებთ? - მიუბრუნდა მათ, ისინი კი დუმდნენ. 

წამიერად შევხედე მის გამოწკეპილობას და დახვეწილმა ჩაცმულობამაც უკვე დამაფრთხო. ღმერთო, ნუთუ არასდროს მიფიქრია აქამდე, რომ ბოროტება, ის, რომელიც ყოველგვარი ფორმის მიღმა არსებობს ნამდვილ სახელსაც ატარებს და ის იმდენად შესისხლხორცებულია მის მოჩვენებით სახეს, რომ ვერცერთი მათგანი მას ვერ არჩევს ამ ბურუსის ფარდის მიღმა. არადა ნამდვილად, მისი უცვლელი სახელი — უაზრობაა.

აქამდე არასდროს მომსვლია აზრად, რომ ბოროტება არაა თავისთავადობა, მას უაზრობის ხერხემალი აქვს, ხორცად კი გადაცმული აქვს სიმართლეზე მონოპოლიის ბეჭედდარტყმული საბუთები და ერთადერთობის უტყუარი ცნობები.

— სიყვარული, — დავიწყე მე, — ესაა ძალა, რომლის მსგავსი არაფერი ხვდება ცოცხალ არსებებს. ის არა მხოლოდ ასაზრდოებს და აძლიერებს, ის ქმნის, ინარჩუნებს და გასცემს. არ ვიცი, რა შემიძლია ვთქვა მის შესახებ, ალბათ, მხოლოდ ის, რომ ნამდვილია და...

და, — გავიფიქრე გულში, — ყველაფრის უაზრობის ფონზე მხოლოდ მას რატომ აქვს საზრისი? იქნებ, ისიც მოჩვენებითია და იმ ბოროტების სამსახურშია, რომელსაც ახლა ვუცქერ. 
— არა! — გამაწყვეტინა მან და ხალხს შეხედა, — არა! აი, ნათელი მაგალითი, რისიც არ უნდა გწამდეთ. ჩემდამი და ჩემნაირებისადმი თვინიერი მორჩილება და ერთგულება — აი, სიყვარულის განმარტება, სხვა ყველაფერი კი ტყუილია. ისეთივე, როგორიც შეთხზულა ყველა სხვა ძალების შესახებ უწინ და ამ თხზულებებით კვებავდნენ თავისუფლებას მოწყურებულ ადამიანებს. მისმინეთ და იარეთ, რათა არ წაბორძიკდეთ; წაბორძიკდით, მაგრამ არ წაიქცეთ. წაიქეცით, მაგრამ გადაუარეთ. 
— კი, მაგრამ, — შევაწყვეტინე მე, — ეს ასე არ არის. ძალები მართავენ ადამიანს, მაგრამ უკანასკნელსაც ძალუძს მათი მართვა. რადგან სიყვარულზე სიტყვა დამითმეთ, ის ვთქვი, რაც საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ის, რომ მისით ჟღერს ყველაფერი, ალბათ, თქვენთვის უცხოა...
— ნუთუ ეს ყველაფერიც სიყვარულით ჟღერს? — გამიელვა გულში. ამ აზრმაც კი დამიკარგა უკვე დაკარგული მოსვენება. შეუძლებელია, რომ ეს სისულელე რამეზე იყოს დაფუძნებული.
— სხვა, სულ სხვა რაღაცის თქმა მსურს, — განვაგრძე მე, — მაგრამ ახლა კი ვხედავ, რომ ძალიან გვიანი და შეუძლებელია. მე ვიცი, რა უნდა ვთქვა, მე ვიცი სიტყვები, მაგრამ მე არ შემიძლია შევქმნა ის სიტყვები, რითაც სათქმელს გადმოგცემდით, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ვხედავ, რომ ძალზე გვიანია... სამწუხაროდ, განწირული ვარ, იმისათვის, რომ ვერ წარმოვთქვა ჩემი სათქმელი და ვერ ავსახო დანახული. ვისი ბოროტი თამაშია ეს?

ამასობაში ვერ შევამჩნიე, თუ როდის მომეპარნენ და მჭიდრო წრე შეკრეს ჩემ გარშემო. ყველა დაშტერებული მიცქერდა, თითქოს გამჭვირვალე ვიყავი, ხოლო შიგნით სხეულში სიცარიელე კაშკაშებდა. 

— დიდი ხანია, შევამჩნიე, რომ მზერა ჯერ კიდევ გაქვს, — მითხრა მან და ორი გრძელი, ქინძისთავივით ბასრი და წვრილი სადგისით დამითხარა თვალები. 

— მათ არასდროს უნახავთ ჩემი სახე და ვერც ვერასდროს მნახავენ... — ამ მწარე ფიქრით და საზარელი ტკივილით წავიქეცი და გონება დავკარგე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი