დაკიდებული კაცი


გზას, რომელიც სახლამდე მიმიყვანდა, ავცდი და როგორც კი ეს მივხდი - ხალხის ჯგუფს ჩამოვშორდი. ძველებურ დასახლებასთან ვარ, რომელსაც წარსულ დროთა მოლანდებები განუკურნებელ სენად ეცხადება. აქ თითქოს წვიმას აპირებსო. 
 ახლა ჭალაში ჩავედი, აქ იმდენად დაჭაობებულია ყოველივე, რომ თვალს, რომელიც ნახევრად შემოგლეჯილი, ტოტებდაფლეთილი ხეების ტყვეობაში აღმოჩნდა - ცის ფრაგმენტიც კი, რომელსაც წვდება - ჭაობის პირქუშ ფშვინვად ელანდება. 
 ხან მდინარის პირას აღმოვჩნდი, ჭუჭყიანი ცრემლების წყალი რომ ჩამოჰქონდა და სადაც წვიმებისგან ალაგ-ალაგ ჩაშლილიყო სანაპიროები; ხანაც ძეძვნარის ბუჩქნარში ვიკარგებოდი, და მაინც, იქიდანაც გავაღწიე. შევნიშნე: დაძონძილი, გახუნებული, ოდესღაც თეთრი რომ იქნებოდა, რასაც ვერ იტყოდი მასზე ახლა - გრძელი მოსასხამი მაცვია. თუმცა, ყველაფერთან მაინც მკვეთრ კონტრასტში ვარ. ნაცრისფერობით და უფერობით ყარს აქაურობა. და მაინც ჯიუტად და შეუპოვრად ვაგრძელებ გზას, მიუხედავად შინაგანი, მღრღნელი შიშისა, რომელიც თითქოს ყველა მხრიდან მეპარება და ცივი, ნესტიანი მზერით მაკვირდება. გზაზე ისევ ტალახი და ჭუჭყია. არც ვიცი როგორ, მაგრამ ერთ-ერთ ხეს ტოტი მოვატეხე და დამხმარე საყრდენად ვიყენებ. ზევით არც ვიხედები. მშვენივრად მესმის, რომ ახლა იქაც იგივეა, რაც აქ. გულმოდგინედ ვცდილობ სწორი გზა-ბილიკი ვიპოვო. უცებ ერთ ადგილას აღმოვჩნდი, მიმოვიხედე და რომელიღაც ბუჩქთან დგას დამპალი ფიცრებით, დაფლეთილი სუდარებით შეკოწიწებული რაღაც, რასაც ვერც სახლს უწოდებ, ვერც კარავს და ვერც თავშესაფარს, არამედ ამ ყველაფრის უსუსური მიმბაძველობაა. გარდი-გარდ მოძრაობებს ვიჭერ. ადამიანები. თუმცა, მათშიც იგრძნობა ჭაობის ფშვინვა. ვიღაც დედაბერი მომიახლოვდა, სახეზე უცხოთა სიძულვილი და ზიზღი აწერია. დამპალი კბილებით ენას იჭერს და გველისებრ სისინს აპირებს. მომაშტერდა. მეც ვუყურებ, ამ ქალს სხვა მოჰყვა, კიდევ სხვა, კაცებიც დაემატნენ. ასე დაგანან ხმისამოუღებლად. აძაბუნებენ ჩემს ისედაც დაღლილ გულს, მწვავენ თავისი უცხოობით, ან შეიძლება მე ვიწვი ჩემი უცხოობით? ახლა კი მესმის - იქ ვარ, სადაც არავინაა ცოცხალი. 
დგანან, ხმას არ იღებენ. უცებ თითქოს უფლებამოსილი მივდივარ ერთ ხესთან, რომელსაც ტენმა ქერქიც კი ჩაულპო, ტოტები არც ცისკენ არც მიწისკენ აქვს გაშვერილი და რაც ძალა მაქვს - ჩემი კვერთხით ვურტყავ. რამდენიმე მტიცე და მოზანზარე დარტყმა, რომელიც მალევე ჩაახრჩო ხის სიდამპლემ. 
 დედაბერი, აქამდე რომ მაშტერდებოდა, მეუბნება: 
-	რატომ აკეთებ ამას? 
ამ ხმაში აღარც ზიზღია და არც რომელიმე სხვა ძლიერი გრძნობა. 
ჩემში კი უკვე მთავარანგელოზის მრისხანება ბობოქრობს. 
-	რათა მეხი დაეცეს, ელვამ ჩაყლაპოს აქაურობა! 
ვამბობ და ვაგრძელებ სავალს. ზურგით ვგრძნობ მათ ცივ თვალებს. 
ჩემს სახლისკენ ვაგრძელებ გზას, რომელიც მთლიანად ნარჩენებით, ძვლებით, ნაგვით და ასობით ათასწლოვანი სიბინძურითაა აქოთებული. მაინც ვაგრძელებ სიარულს, ვიცი, რომ ამ ყველაფერს დიადი ცეცხლი შთანთქავს. 
მესმის ხმა: 
-	იცი რატომ არის დაკიდებული კაცი დაკიდებული? ის აღარც კეთილია, აღარც ბოროტი. იგი უბრალოდ შემსრულებელია; ამყარებს აუცილებლობას აქაც და იქაც. 
ეს ხმა მეცნო და აწ ყველაფერი საბოლოოდ გავაცნობიერე. 
გასწვრივ ჩონჩხები ყრია და მრავალი მათგანი სახლში დაბრუნებამდე მემახსოვრება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი