ბჰაგავად-გიტა| სამი გუნა - იაკობ ქსოვრელის თარგმანი
14. სამი გუნა უფალი კრიშნა: 1. ახლა კი განგიცხადებ უმაღლეს სიბრძნეს, რომლის მეშვეობითაც ყველა ბრძენმა სრულყოფილებას მიაღწია. 2. ამ ცოდნაში გამყარებით ისინი ჩემს მიღმიერ ბუნებას აღწევენ; ისინი სამყაროს შექმნის ჟამსაც მეტი აღარ იბადებიან და სამყაროს დანგრევის ჟამს არ იტანჯებიან. 3. მე ვანაყოფიერებ მატერიალურ კოსმოსს; მე ვარ წყარო ყოველი არსებულისა და მე შემომყავს სამყაროში არსებები. 4. ყველა არსება მატერიალური ბუნების საშოდან იბადება, მე კი თესლის მიმცემი მამა ვარ. 5. მატერიალურ ბუნებას სამი თვისება გააჩნია, რომელთაც გუნები ეწოდება. ესენია: სათნოება, ვნება და უგუნურება - სატვა, რაჯას, ტამას. როცა უკვდავი სული სხეულში განსხეულდება - ეს სამი გუნა მოქმედებს მასზე. 6. სატვა, სათნოების გუნა, რომელიც სხვებზე წმინდაა, ასხივოსნებს და ცოდვებისგან ათავისუფლებს, მაგრამ ვინც მისი ზეგავლენის ქვეშაა, ის ცოდნის ძიებასა და ბედნიერების შეგრძნებაზე დამოკიდებული ხდება. 7. რაჯასი, სურვილით წარმოშობილი ვნების გუნა ადამიანს აძალებს კარმულ საქმიანობას. 8. ხოლო ტამასი, უვიცობით წარმოქმნილი უგუნურების გუნა - ილუზიების ტყვეობაში აკავებს ადამიანს; მას მოაქვს სიგიჟე, აპათია, ძილი. 9. მაშასადამე, სატვა მოითხოვს ბედნიერებას, რაჯასი - საკუთარი ინტერესებით მოქმედებისკენ გიბიძგებს, ხოლო ტამასი, ფარავს რა პირვანდელ ცოდნას, სიგიჟის კვანძებით გაბრკოლებს. 10. ზოგჯერ ადამიანში სათნოების გუნა მძლავრობს, ხოლმე უფრო ძლიერი ვნება აღმოჩნდება, ხოლმე კი - უგუნურება. 11. თუ ცოდნის წყალობით ამ სხეულის ყველა კარიბჭე იწყებს სიკაშკაშეს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანში მძლავრობს სათნოება. 12. თუკი ადამიანში მოქმედების მოუთვინიერებელი სურვილია, სიმშვიდეს მოკლებული სურვილებით სავსეა - ეს ნიშნავს, რომ მასში მძლავრობს ვნების გუნა. 13. ხოლო, როცა ადამიანში მძლავრობს უგუნურება იგი რეგვენია, ზოზინა, შეცდომებისკენ, ისევე როგორც სიგიჟისკენაა მიდრეკილი. 14. როცა განსხეულებულ სულში მძლავრობს სატვა - სიკვდილის შემდეგ იგი იბადება სუფთა სამყაროებში, სადაც უდიდესი ბრძენკაცები მკვიდრობენ. 15. ვნებიანი ხელახლა იბადება ცოდვებზე მიჯაჭვულ ადამიანებს შორის. ხოლო, ვინც უგუნურებაში განუტევა სული - დაიბადება პირუტყვად. 16. სათნო მოქმედებით, სატვათი აღსავსე ადამიანი წმინდანი ხდება; ვნებებით მართული - იტანჯება, უგუნური კი - გონების გარეშე არსებობს. 17. სათნოება შობს ცოდნას, ვნება შობს სიხარბეს, ხოლო უგუნურების ნაყოფია მეტიჩრობა, ილუზიები და ცდომილება. 18. სათნო ადამიანები უზენაეს სამყაროებში მიდიან; ვნებებით შებორკილნი ამ წუთისოფელშივე რჩებიან, ხოლო უგუნურნი - საზარელ ქვესამყაროებში მიექანებიან. 19. როცა ადამიანი ამჩნევს, რომ ყველა საქმე საკუთრივ გუნებით სრულდება, როცა იგი ხედავს გუნებსა და მას, ვინც მათ მიღმაა - მაშინ იგი ჩემთან მოდის. 20. როცა ცხეულში მკვიდრი სხეულისთვის დამახასიათებელი გუნების გავლენას გადალახავს, თავისუფლდება რა დაბადება-სიბერე-სიკვდილის ტანჯვებისგან - იგი უკვე ამ ცხოვრებაში უკვდავების ნექტარს იგემებს. არჯუნა: 21. უფალო, მითხარი რა ნიშნებითაა შესაძლებელი გუნათა გავლენისგან გათავისუფლებულის ამოცნობა? როგორ იქცევა და როგორ მიაღწია გათავისუფლებას? უფალი კრიშნა: 22-25. თუ ადამიანი მშვიდად უყურებს როგორც გასხივოსნებას, ისე მიჯაჭვულობებსა და ილუზიებს; მშვიდია როცა ისინი არიან და როცა არ არიან, თუ გუნების ნებისმიერი მოქმედება არ აკარგვინებს მას განზე მდგომ წონასწორობას; თუ იგი გამყარდა თავის თავში და ერთნაირად უდგება სიხარულსა და განსაცდელს, ვერ ხედავს სხვაობას მიწის მუჭასა, ქვასა და ოქროს ზოდს შორის; თუ ერთაირად ხვდება სასიამოვნოსა და უსიამოვნოს, ქებასა და ლანძღვას, უღირსობასა და ღირსებას; თუ მეგობრებთან და მტრებთან ერთაირად ურთიერთობს და განუდგა მიწიერ საქმიანობას - ასეთ ადამიანს ჰქვია გუნათა ზეგავლენისაგან გათავისუფლებული. 26. ის, ვინც გუნებზე ამაღლებული გადაუხრელად მემსახურება - ბრაჰმანის მისაღწევად მზადაა. 27. რადგან მე ვარ მარადიული, უხრწნელი უპიროვნოს საფუძველი, რომლის არსი პირვანდელი მარადიული ნეტარებაა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი