ანტონ ჩეხოვი - ,,სოლომონი"
ოჰ, როგორი ბნელია ცხოვრება! ბავშვობის არც ერთ ღამეს შევუშინებივარ თავისი წყვდიადით ისე, როგორც ჩემი შეუცნობადი ყოფიერებით ვარ დაშინებული. ღმერთო ჩემო, მამაჩემს, დავითს მიეცი ასოსა და ბგერის ერთ სიტყვად შეთხზვის, სიმებით შენი განდიდების, ტკბილი ტირილისა და სხვისი თვალებიდან ცრემლთა დინების ნიჭი; ნიჭი - სილამაზისადმი გაღიმების, მე კი რაისათვის მომეცი დაღლილი სული და უძინარი, მშიერი აზრი? მწერივით, რომელიც მტვერში გაჩნდა, სასოწარკვეთილი ვიმალები ბნელში. მოკანკალე და შეციებული ყველაფერში ვუმზერ და ვუსმენ შეუცნობად საიდუმლოს. რაისათვისაა ეს დილა? რაისათვის გამოდის ტაძრიდან მზე და პალმებს მოაოქროვებს? რაისათვისაა დედაკაცთა სილამაზე? და საით მიიჩქარის ეს ჩიტი? რა აზრი აქვს მის ფრენას, თუკი იგი, მისი ბარტყები და ადგილი საითკენაც გაუწევია, მტვრად იქცევა? ოჰ, სჯობდა არ დავბადებულიყავი ან ქვა ვყოფილიყავი, რომელსაც ღმერთმა არ მისცა არც თვალები და არც ფიქრები! იმისათვის, რომ ღამისთვის მომეთენთა სხეული გუშინ მთელი დღე, როგორც უბრალო მონა, ტაძრამდე ვათრევდი მარმარილოს, მაგრამ აი, მოვიდა ღამე და არ მძინავს... წავალ და კვლავ დავწვები. ფორზესი მეუბნება, რომ თუ წარმოვიდგენ მორბენალი ცხვრების ფარას და მოუკლებლად მასზე ვიფიქრებ, მაშინ აზრიც აირევა და დავიძინებ. ამას ვიზამ. 1888-1889 თარგმნა: იაკობ ქსოვრელმა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი