რიგვედა - კოსმოგონიური ჰიმნი
რიგვედა - კოსმოგონიური ჰიმნი (ჩემი თარგმანი) მაშინ არ იყო არსებული და არარსებული, არ იყო ჰაერის სივრცე და არც ცა მის თავზე. რა იყო მოძრაობაში? სად? ვისი საფარქვეშ? რა იყო წყალი? შეუცნობადი, ღრმა. მაშინ არ იყო სიკვდილი და უკვდავება, არ იყო განსხვავება დღესა და ღამეს შორის. დასაბამად ბნელს მოეცვა ბნელი, იგი იყო გაურკვეველი, გამდინარე; დიდი სითბოსგან წარმოიშვა სიცარიელით მოცული სისავსე. და დაიწყო მაშინ სურვილით, იგი იყო ფიქრის პირველი თესლი; არსებულსა და არარსებულს შორის კავშირი გულისმიერი აღქმით იპოვეს გამჭრიახმა ბრძენკაცებმა. გარდიგარდ დაჭიმულიყო მათი ბაწარი. იყო სიმდაბლე? იყო სიმაღლე? განმანაყოფიერნი იყვნენ და ზრდის ძალნი იყვნენ. ლტოლვა დაბლა და სიამოვნება მაღლა. ვინ არს, ვინაც ჭეშმარიტად იცის საიდან გაჩნდა ეს ქმნილება? შემდგომ ღვთაებები გაჩნდნენ; ვინ არს, ვინაც იცის საიდან გაჩნდა ეს სამყარო? საიდანაა ეს ქმნილება და იყო იგი შექმნილი? იქნებ არა? ვინაც უცქერს ამ სამყაროს უზენაესი ზეციდან - მხოლოდ მან იცის, ან არ იცის ეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი