რიუნოსკე აკუტაგავა - ,,აბლაბუდა'' / იაკობ ქსოვრელის თარგმანი
რიუნოსკე აკუტაგავა - აბლაბუდა 1. ერთხელ ბუდა სამოთხის ტბის ნაპირზე მარტოდმარტო სეირნობდა. მთელი ტბა მარგალიტივით თეთრი ლოტუსებით დაფარულიყო, რომელთა ოქროს გულები გარშემო აუწერელ, ტკბილ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ. სამოთხეში დილა იყო. ჩაფიქრებული ბუდა შეჩერდა და უცებ წყლის სარკმელში, ლოტუსის განიერ ფოთლებს შორის მოციმციმედ დაინახა თუ რა ხდებოდა ტბის ფსკერზე. სამოთხის ტბა ქვესკნელის წიაღს აღწევდა. მის გამჭვირვალე წყალში ნემსის მთასა და სანძუს (ჯოჯოხეთის მთა და ჯოჯოხეთის მდინარე, რომლის გადაცურვით ცოდვილები ჯოჯოხეთში ამოდიოდნენ) ისე მკაფიოდ ხედავდა, გეგონებოდა ნოძოკიმაგანეს (ბიოსკოპის) ჭუჭრუტანაში იხედებაო. იქ, უფსკრულში უამრავი ცოდვილი იტანჯებოდა. მოხდა ისე, რომ ბუდას ბზერა ერთ-ერთ ცოდვილზე გაჩერდა, რომელსაც კანდატა ერქვა. ეს კანდატა საზარელი ავაზაკი იყო. მრავალი ავი საქმე ჰქონდა ჩადენილი: კლავდა, ძარცვავდა, წვავდა. თუმცა, მასაც კი ერთი კეთილი საქმე აღმოაჩნდა. ერთხელ ტყის გავლისას დაინახა, რომ ბილიკის გასწვრივ პატარა ობობა მირბოდა. კანდატამ სადაცაა ფეხი აღმართა, რათა გაესრისა, მაგრამ გაიფიქრა: მართალია პატარაა, მაგრამ ცოცხალი არსებაა. ცოდვაა უაზროდ მისი მოკვლა. და შეიწყალა ობობა. ჯოჯოხეთის სურათის მჭვრეტელმა ბუდამ გაიხსენა, რომ ავაზაკმა კანდატამ ერთხელ ობობას სიცოცხლე აჩუქა და მოისურვა, თუ იქნებოდა ეს შესაძლებელი, ცოდვილი ეხსნა ამ ერთი კეთილი საქმისათვის. საბედნიეროდ, სწორედ ამ დროს ბუდამ თვალი მოჰკრა სამოთხის ობობას. მან მშვენიერი ვერცხლის ძაფი მიაბა ლოტუსის ნეფრიტივით მწვანე ფოთოლს. ბუდამ ფაქიზად აიღო აბლაბუდის უთხელესი ძაფი და მისი ბოლო მარგალიტივით თეთრ ლოტუსებს შორის წყალში ჩაუშვა. აბლაბუდამ დაიწყო ჩაძირვა, სულ დაბლა მიიწევდა, ვიდრე უფსკრულის ყველაზე დაშორებულ სიღრმეებს არ მიაღწია. 2. იქ, ჯოჯოხეთის ფსკერზე, კანდატა სხვა ცოდვილებთან ერთად სისხლის ტბაში ჩაყვინთვა-ამოყვინთვით აუტანლად იტანჯებოდა. საითაც არ უნდა გაგეხედა - ყველგან შემზარავი წყვდიადი სუფევდა. იშვიათად თუ რაღაც ბუნდოვნად გაიელვებდა სიბნელეში. ეს საშინელი ნემსების მთიდან ნემსების პრიალი მოსჩანდა. სიტყვები არ არსებობს, რომ სრულყოფილად აღწერო იმ წარმოუდგენელი სანახაობის საშინელება. გარშემო სამარისეული დუმილი იდგა, იშვიათად ყრუდ მოისმოდა ცოდვილთა კვნესა. მრავალი ტანჯვის შემდეგ უფსკრულის უღრმეს სიღმეებში ჩაგდებულ დამნაშავე სულებს აღარ ჰქონდათ ტირილ-გოდების ძალა. სისხლში იხრჩობოდა დიდი ავაზაკი კანდატაც, მაგრამ მომაკვდავი ბაყაყივით მხოლოდ უსიტყვოდ იკრუნჩხებოდა. უეცრად კანდატამ თავი ასწია და სისხლის ტბის თავზე ჩამოწეულ წყვდიადს დაუწყო ყურება. უდაბური წყვდიადიდან, ძალიან შორეული ციდან მისკენ წვრილად მოციმციმე აბლაბუდა ფრთხილად ჩამოდიოდა ისე, თითქოს ეშინოდა რომ სხვა ცოდვილებს არ შეემჩნიათ იგი. სიხარულისგან კანდატამ ტაში დაუკრა. საკმარია ამ ძაფს ჩაეჭიდოს და ზევით, სულ ზევით და ზევით აცოცდეს. მაშინ კი, ვინ იცის, აუცილებლად გაექცეოდა ქვესკნელს. ხოლო თუ გაუმართლებდა - სამოთხესაც კი მიაღწევდა და აღარ მოუწევდა ნემსის მთის წვერზე არბენა, საიდანაც კვლავ სისხლის ტბაში ჩააგდებდნენ. ამ იმედით გამხნევებულმა კანდატამ ორივე ხელით მთელი ძალით ჩაებღაუჭა ძაფს და რაც კი ღონე ჰქონდა აცოცვას მოახმარა. თავისთავად, გამოცდილი ქურდისთვის ეს ჩვეული საქმე იყო. მაგრამ ჯოჯოხეთის ქვესკნელიდან სასუფევლამდე მრავალი ათი ათასი რია. როგორც არ უნდა ეყოჩაღა - ასვლა როდი იყო მარტივი. ცოცავდა, ცოცავდა კანდატა და სობოლოოდ მასაც, ასეთ ბობოლას დაღლა მოერია. შეუსვენებლად ვერ შეძლო ცამდე ასვლა. რაღას იზამდა? მოუწია შესვენება. აი, შეჩერდა შუაგზაში, აბლაბუდაზე დაკიდული, ისვენებს და უცებ დაბლა, ღრმა უფსკრულში ჩაიხედა. ამაოდ არ ასულა კანდატა აბლაბუდაზე: სისხლის ტბა, რომელშიც უწინ საშინელ ტანჯვებს ითმენდა, მკვრივმა სიბნელემ დაფარა, ხოლო საზარელი ნემსის მთის წვერი დიდი ხანია აღარ იყო მის ფეხქვეშ. თუ ასე გააგრძელებს, მაშინ მართლაც გაექცევა ქვესკნელის ძალას. აბლაბუდაზე მყარად ჩაჭიდებულ კანდატას მრავალი წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა ადამინის ხმა და ხითხითით დაიყვირა: - მეშველა! მეშველა! მაგრამ უმალვე შენიშნა, რომ სხვა უთვალავმა ცოდვილმაც მოიჭირა აბლაბუდა და ჭიანჭველების ზოლივით მას სიმაღლისკენ მოჰყვებოდნენ. ამის შემხედვარე კანდატას რაღაც ხანი მხოლოდ ის შეეძლო, რომ განცვიფრებულად ებზრიალა თვალები და სულელურად დაეღო პირი. ეს წვრილი ძაფი მარტო მასაც კი ძლივს უძლებდა, ამდენ ადამიანს როგორღა აიტანდა? თუკი აბლაბუდა გაწყდება, მაშინ ისიც, - უბრალოდ წარმოიდგინეთ ისიც - ასე მაღლა ამოსული პირუკუ გაექანებოდა ჯოჯოხეთში. მშვიდობით ხსნის იმედო! და ვიდრე თავისთვის ამას ფიქრობდა, ცოდვილები ჯგუფებად ამოდიოდნენ სისხლის ტბის ფსკერიდან. ასობით, ათასობით ჯაჭვად შეკრული ცოდვილი სხივივით წვრილ აბლაბუდაზე ზევით მიიჩქაროდა. რაღაც უნდა მოიფიქროს, თორემ ძაფი აუცილებლად გაწყდება და ისიც, აუცილებლად გაექანება უფსკრულში. და კანდატაც აღრიალდა: - ჰეი, თქვე ცოდვილებო! ეს ჩემი აბლაბუდაა! ვინ მოგცათ მასზე ამოძრომის უფლება? აბა, დროზე ჩაეთრიეთ უკან! ჩაეთრიეთ! და რა მოხდა მაგ წამს! აბლაბუდა, იქამდე მთელი და უვნებო ბრაგანით გაწყდა სწორედ იქ, სადაც კანდატა იყო ჩაბღაუჭებული. ამოსუნთქვაც ვერ მოასწორო რომ ბზრიალ-ბზრიალით, ბზუილით, გადაყირავებული გაექანა უსიერ ქვესკნელში. და მხოლოდ წვრილ ნაგლეჯად მოციმციმე აბლაბუდა დარჩა ჩამოკიდებული უსინათლო წყვდიადის ცაზე. 3. ლოტუსის ტბის ნაპირზე მდგომი ბუდა თავიდან ბოლომდე ხედავდა ყველაფერს, რაც ხდებოდა. და როდესაც კანდატა ჩაგდებული ქვის მსგავსად სისხლის ტბის ფსკერში ჩაიძირა, ბუდამ სევდიანი მზერით განაგრძო სეირნობა. კანდატას გულისთვის უცხო იყო თანაგრძნობა; იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, მხოლოდ საკუთარი ხსნა ადარდებდა და ამისათვის დაისაჯა: კვლავ ჩაგდებულ იქნა ჯოჯოხეთის ტბაში. ო, როგორი საცოდავი და მდაბიო იყო მისი საქციელი ბუდას თვალში! მაგრამ სამოთხის ტბის ლოტუსებს ამასთან არაფერი აკავშირებდა. მარგალიტივით თეთრი ყვავილები ირხეოდნენ ბუდას ტერფებთან. და მის ყოველ ნაბიჯზე ოქროს გულები აუწერელ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ. სამოთხეში შუადღისკენ მიდიოდა საქმე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი