ქვეყანა, სადაც არაფერი დარჩა ცოცხალი


ქვეყანა, სადაც არაფერი დარჩა ცოცხალი

წინასიტყვაობა 

ეს ჩანაწერი არ არის მცდელობა, ვინმეს რამე ვასწავლო ან თავი მოვაწონო. ეს არის ჩემი თვალით დანახული რეალობა, რომელიც ყოველდღე მხვდება ქუჩაში, აუდიტორიებსა თუ ჩემს ფიქრებში. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ბუნებრივობა ფუფუნებად იქცა, ხოლო გულწრფელობა — უცხო ხილად. ეს არის მცდელობა, გავაჟღერო ის, რასაც ბევრი ფიქრობს, მაგრამ ხმამაღლა თქმას ერიდება. თუ ამ ჩანაწერში თავს ამოიცნობთ, ესე იგი, ჯერ კიდევ არსებობს რაღაც, რაც ჩვენს შორის საერთოა და ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სიცოცხლისუნარიანობა.

სტუდენტობა, როგორც უხილავი ტვირთი 

ჩვენ გვეძახიან “მომავალს”, მაგრამ გვექცევიან როგორც იაფფასიან მუშახელს ან უბრალოდ სტატისტიკას უნივერსიტეტის ცხრილში. სტუდენტების მხრებზე დგას ყველაფერი: ცოდნის მიღების სურვილიც, მუშაობის ვალდებულებაც და ის უსასრულო მოთმინებაც, რომლითაც ამ სისტემას ვუყურებთ. მაგრამ რა მოხდება, როცა ამ მხრებს ტვირთი დაამძიმებს და გზას გააგრძელებენ, ოღონდ უკანმოუხედავად?

საუკეთესო წლების შიში

 ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს “საუკეთესო წლებია” ჩვენი ცხოვრების, მაგრამ რეალურად ეს არის წლები, როცა ყველაზე მეტად გვეშინია. გვეშინია, რომ ვერ მოვასწრებთ, ვერ შევძლებთ, ვერ გავამართლებთ. მთელი ჩვენი ყოველდღიურობა მომავალზე ზრუნვაში იხარჯება და გვავიწყდება, რომ რეალურად ახლა, ამ წამს, უნდა ვცხოვრობდეთ და უნდა გვიხაროდეს.

ქალაქის გაყინული რიტმი 

ეს ქალაქი სავსეა კონტრასტებით — ბრჭყვიალა ფასადებითა და ნანგრევებით. ხანდახან მგონია, რომ ამ გარემოს არ უნდა, ჩვენ ვიყოთ ‘ცოცხლები’. მას უნდა, ვიყოთ დამყოლი, ჩუმად ვიაროთ და არაფერი შევცვალოთ. ყოველ დილით, როცა ქუჩაში გავდივარ, ვცდილობ, ამ ქალაქის რიტმს არ ავყვე, რადგან მისი რიტმი ჩემსას არ ემთხვევა.

იზოლაცია 

ბევრი ვერ ხვდება იმას თუ როგორ ვართ ერთმანეთისგან იზოლირებული. ყველას გვერდით ვიღაც დგას, მაგრამ არავინ გვყავს გვერდით. ჩვენ ერთად ვართ საცობებში, ერთად ვართ უნივერსიტეტებში, მაგრამ თითოეული ჩვენგანი საკუთარ პატარა ‘სასახლეშია’ ჩაკეტილი, სადაც ცდილობს, საკუთარი ნამდვილი ‘მე’ დამალოს. დანგრეულია ის ჯაჭვი, რომელიც ერთმანეთს გვაკავშირებდა. რატომ გავხდით ასეთი უცხოები ერთმანეთისთვის? პასუხი სამწუხაროდ არ მაქვს…

ყოველდღიური „მათემატიკა“ 

ვაკვირდები ხალხს ავტობუსში და რიგში: ისინი გამუდმებით ითვლიან. ითვლიან იმას, რამდენი ლარი ეყოფათ ხვალამდე. ეს მუდმივი “მათემატიკა” ადამიანის სახეზე ტოვებს კვალს — დაძაბულობას, რომელიც არასდროს ქრება. ფასები იზრდება, მაგრამ ხელფასები რჩება ისევ ის, რაც აქამდე იყო და ამ უფსკრულში იკარგება ყველაზე ძვირფასი — ჩვენი სიმშვიდე.

სიღარიბე, როგორც ცარიელი პერსპექტივა

 ყველაზე ცუდი სიღარიბეში არის არა მხოლოდ ფულის უქონლობა, არამედ ის განცდა, რომ შენს შრომას ფასი აღარ აქვს. როცა ხედავ, რომ შენი ყოველდღიური თავდადება არაფერს ნიშნავს და ცხოვრების ხარისხი მაინც დაბლა მიიწევს, გიჩნდება კითხვა: რისთვის ვცდილობ? სიღარიბე აქ არ არის მხოლოდ ცარიელი ჯიბე, ეს არის ცარიელი პერსპექტივა, რომელიც ადამიანებს აიძულებს, ნიღბებით იარონ და დამალონ საკუთარი დაუცველობა.

გაძვირებული ქალაქი და გარიყულობა 

“თბილისი, ქალაქი, რომელიც თავის მცხოვრებლებს გარეთ ყრის” - ამგვარად დავახასიათებდი ჩვენს ქალაქს. თბილისი სულ უფრო და უფრო ძვირი ხდება, მათთვის კი, ვინც მას ქმნის — სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ხელოვანებისთვის — ადგილი აღარ რჩება. ჩვენ ვხედავთ ახალ კაფეებს, ახალ შენობებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენთვის არ არის. ჩვენ აქ მხოლოდ მომსახურე პერსონალად ან “ხმაურიან ფონად” ვჭირდებით. ფასების ზრდა არის კედელი, რომელიც მდიდრებსა და დანარჩენებს შორის ყოველდღე უფრო მაღლა იწევს.

მდიდრები — „სხვა პლანეტის მცხოვრებლები“

მათ არ იციან, რამდენი ღირს პური და არც ის აწუხებთ, გაძვირდება თუ არა გადასახადი. მათთვის ქალაქი სათამაშო მოედანია, ჩვენთვის კი – ბრძოლის ველი. მათი ბუნებრივობა სულ სხვა რამაა – მათ არ სჭირდებათ თავის დამკვიდრება, მათთვის ყველაფერი მოცემულია. ამიტომაცაა, რომ როცა მათ ვუყურებ, თვალებში ვერ ვკითხულობ იმ დაღლილობას, რაც დანარჩენ ხალხს აქვს. მათი თავისუფლება მაღიზიანებს არა იმიტომ, რომ ფული აქვთ, არამედ იმიტომ, რომ არ იციან, რა არის შიში. როცა არაფერი გემუქრება, როცა ხვალისთვის არ ანგარიშობ მცირე თანხებს, შენი ღიმილი ბუნებრივია, შენი მოძრაობები კი – თავდაჯერებული. ჩვენი სტრესი მათთვის მხოლოდ აუდიო-ვიზუალური ფონია – ისეთივე, როგორც კინოში, რომელსაც უყურებენ და მალევე ავიწყდებათ.

ბოლოსიტყვაობა 

თუ ეს ჩანაწერი ბოლომდე წაიკითხე, ესე იგი, შენც ეძებ იმას, რასაც მე. ჩვენ ბევრნი ვართ, უბრალოდ, ერთმანეთს ნიღბების გამო ვერ ვცნობთ. მოიხსენით ნიღბები, გაბედეთ იყოთ ბუნებრივები, მაშინაც კი, როცა გარემო ამას არ გაპატიებთ. 
ქვეყანა, სადაც არაფერი დარჩა ცოცხალი — ასე დავიწყე და მინდა, ასეც დავამთავრო, მაგრამ ერთი შენიშვნით: მანამ, სანამ შენ გრძნობ, მანამ, სანამ გტკივა და სანამ ხედავ, რომ გარშემო ყველაფერი გაყალბებულია, შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. სწორედ ეს შეგრძნებაა ის ერთადერთი, რაც ჩვენ გვაერთიანებს. იარეთ, იფიქრეთ და ხმამაღლა თქვით – ეს ყველაზე დიდი წინააღმდეგობაა, რაც შეგვიძლია გავწიოთ.

მადლობა, რომ ჩემი ფიქრების თანამონაწილე გახდი

იერემია მელანიშვილი
#ფიქრები#სიჩუმე#რეალობა#თქვიშენისათქმელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ვინც ამ ჩანაწერს ნახავთ, თუ არ შეწუხდებით, იქნებ სოციალურ ქსელებში Facebook-ზე და Instagram-ზე გააზიაროთ. მადლობა წინასწარ

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი