ჩემი სიგარეტი
[act 1: შენი ხმა, ის თითქოს სულია] - რამე მოხდა? წითურ კიკინებს იხსნის... - ხმას არ მცემ... - აგრძელებს, გვერდით მიწვება... - ვიცი, ბევრ რამეზე ფიქრობ - წვრილ, წითელ თითებს ნაზად მისვამს კისერზე, ბოლოს, მაინც, ნეკნებამდე ჩადის, ცოტაც... და აჰა, მიღუტუნებს. - არაუშავს.. - თითქოს რამე დავაშავე... ნაზი ხმით მამშვიდებს, ოღონდ მკაცრი ტონით, მახსენებს, რომ მპატიობს, ასე, ირიბად. მაგრამ, მაინც, მითრევს, მაფიქრებინებს, რომ მართლა დამნაშავე ვარ, რომ მართლა არ ვვარგივარ. - უბრალოდ... დაიძინე... - ამასღა ამბობს და ქუთუთოები კულისების ფარდებივით ეფარებიან ჩემს მიწისფერ თვალებს. ეს ფერი.. ჰო, ორივეს ერთნაირი თვალები გვაქვს, და ჩემს ეზოს მახსენებს. ...და უცებ, ყურებში წუილის ორი მახვილი გამდის. ვიღვიძებ. ეჰ, რა უბრალოა რეალობა უშენოდ! არც მწარე, არც ტრაგიკული, არც დრამატული! უბრალოდ... უბრალო. ერთი წლის წინ, ამ დროს, რაღაცას მაინც ვგრძნობდი. [act 2: MON MONOLOGUE] მე ვარ მარტივით არეული, შენ კი ხალხში გარეული, როგორც ერთი დაუმჭკნარი ვარდი, სასაფლაოზე მიგდებულ თაიგულში. ასე დავდივარ, წონით - გალეული, მაქვს გონი? კი - წართმეული... ბნელ საწოლზე დავვარდი... ცარიელ თავის ქალაში სიტყვებს მიგროვებს შენი სული. [act 3: the wanderer] დავბოდიალობ, აბაზანიდან ახლად გამოღწეული, შენი სველი თმებივით წვიმიან, სპეტაკ ქუჩებში დავბორიალობ. ჩემი ყვითელი გვამის თავთან, თვითონ ქრისტე გალობს სამგლოვიაროს... შენ - აღარ, ან ვეღარ, არ ვიცი. ჯიბეში მრჩება ერთი ღერი სიგარეტი. [act 4: forgotten] დილის ექვსზე ვდგები და ვუკიდებ იმ ბოლო ღერს. მახსოვს, ისევ მახსოვს, როგორ მეჩხუბებოდი: "უზმოზე მაინც ნუ ეწევი ამდენს"... "უზმოზე მაინც ნუ სვამ ამდენს"... მაგრამ, იქნებ, ერთხელ მაინც გეთქვა: "უჩემოდ, რატომ ხარ ასე?" "ნუთუ, უჩემოდ ხარ, ასე?" "ნუ, ნუ, ნუ, კარგო, ნუ დარდობ ამდენს"... ვიხურავ აივნის კარებს- Fin.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი