შორს ხარ, როგორც ზღვა


შენ ხარ ზღვა,
მასსავით ჩემგან შორს ხარ,
და როგორც მას,
ისე გიხსენებ, მზის ჩასვლისას. 

მე არ ვიცი ცურვა,
მაგრამ უშიშრად შევტოპავ შენს სულში,
აჰა, ზამთრით მოცული, 
შენი ხელები გავიხსენე,
და ჩემი გულიც, კვლავ გადახურდა. 

შორს ხარ,
შორს ხარ,
სხვა ქალაქში.
მითრევ, შენ, მდუმარე ტალღა. 

ჩემთვის, ყველა ქუჩა სანაპიროა.
თვალები ახლოს არიან მაინც, ზღვასთან,
წუხელ თოლია, შენს თავზე, ყვიროდა. 

ზამთარში შიშით გიყურებენ პალმები,
და ჩემს გარდა გაცურვას ვერავინ ბედავს,
სტროფებით გაჭედილ, 
ჩემს ნასუნთქ ჰაერს, 
გამორიყავენ შენი ტალღები. 

და ალბატროსებიც აღარ მეძებენ,
ზღვაში ჩაკარგულ თევზს, მე, ბეჩავს.



17 ნოემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი