თეთრი სპირალი


თეთრი სპირალი ამოქარგე,
ჩემს ბნელ ნაჭერზე.
ჰოდა, ჩემი თითებიც მას მიუყვებიან.
თითქოს ბილიკია, 
და მასზე მოგზაურობა კლავს წამებს. 

საით მიდის ეს ბილიკი?
ალბათ არსად.
ისევ ბნელ ნაჭერს ვაწყდები, ღიმილით.
მზე ვეღარ არღვევს ფარდას. 

ჩვენი სიყვარულიც ასეა,
თოვლიან გზას გავივლი,
რომელიც თითქოს რაღაცით სავსეა,
მაგრამ დავუბრუნდი ბოლოს, სიცარიელეს,
თითქოს სულ არ შეცვლილა ჩემი ამინდი. 

ო, როგორ უწყვეტად ვბრუნავდი,
სანამ წამიღებდა დასასრულის ცუნამი... 

ბნელი ნაჭერი შემრჩა კვლავ,
და ახლა მასზე,
შავი ძაფით სიტყვებს ვქარგავ. 

ტყვიების მსგავსად,
ორივე უმოწყალოდ ვხვრეტდით,
ჩვენს თეთრ აფრებს, 

ახლა, ზღვაში ჩაკარგულთ,
თოლიების ყივილიც ვეღარ გვაერთებს,
დაკარგულ ნავებს.




20 დეკემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი