ოთხი კედელი და არანაირი სივრცე


კვლავ მტანჯავენ კედლები,
ნელ-ნელა ყველაფერი ვიწროვდება.
გარეთ გასვლასაც აღარ აქვს ეშხი,
ყველაფერს გადაუვიდა ფერი...
ბედნიერება იაფი საღებავივით ირეცხება. 

ნელა მეხუჭება თვალები,
შენც ამას ელოდებოდი სულ,
ტყუილებთან მარტო ვრჩები,
და ჩემს წინაა,
მტკივნეულად მიხურული კარები. 

შავ-თეთრია სამყარო.
უკვე ვეღარც ვწვალობ... 

ჩემი თვალები,
იძირებიან სარკეში,
გრძელ ხვეულებს ხედავენ,
და მტვერით შემოსილ,
საიმედოდ დამალულ თეთრ აფრებს.
(რა ვიცოდი, თუ კიდევ დამჭირდებოდა) 

ვუყურებ თოვლს,
რომელიც ჩემს სამუდამო საწოლს,
სუსხის სპეტაკ ხალიჩას აფენს. 

მალე წავა ღამეც,
ჩემი ერთადერთი შვების სამარე,
და თან წაიღებს სიტყვებით სავსე ხაზებს.



18 იანვარი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი