მორიგი რაღაც
ისევ შუადღით გავიღვიძე, იქნებ, როცა თავს ვატანდი სიზმრებს, ქალაქები მიჰქონდათ მიწისძვრებს. რად გავიღვიძე, ვერ ავუდივარ ჩემში მიტინგებს. როგორც სიბნელე, უჩრდილო და უნახავი მზის, ვიჯექი, არ ვშორდებოდი ჩემს კერებს. ხვალაც ასე იქნება, ხვალაც დავწერ მახინჯ ვერლიბრს. *** დავიღალე, ამდენი ფიქრისგან, სიცხე მაქვს. წლები მიდიან, დღეები ძველი ნივთებით სავსე ყუთებივით გააქვთ, დრო გავა, და მე გამოვცემ წიგნს, ლამაზი ყდით, და შიგნით ათასი ჩუმი სიტყვით. (თუკი მანამდე ვიცოცხლე... არადა კიდევ ბევრი მინდა ვიცოდე... ალბათ სანამ ნომერს ავკრეფ, ჩემი სხეული აღმართავს თეთრ აფრებს, სანამ დასახმარებლად, რამეს ვიტყოდე). მე გამოვცემ ლამაზ წიგნს, და დაგიტოვებ კართან; მერე შევიმოსები სქელი ხით. არც ჰონორარს მოვითხოვ, დაე ფული მტვრიანმა უჯრამ დაწვას. 27 იანვარი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი