0 0 2
მალე გავა დეკემბერიო... და მე არ მჯეროდა
წვალებით ახვევს მამაჩემი თუთუნს,
მხოლოდ იმიტომ,
რომ წამებშივე ფერფლად აქციოს,
რომ დღეებშივე გადაჰყვეს წუწუნს.
***
ფრთამოტეხილი პატარა ჩიტივით
ადამიანის ფეხის სიმაღლეზე მივფრინავ,
მივფრინავ ნელა,
ნელა,
აუჩქარებლად...
თუმცა მაინც მახარებს ის,
რომ მიწას ავცდი...
შენგან განსხვავებით,
ადამიანო.
***
ვდგავარ უსარკმელო, ბნელ ტაძარში,
ვუყურებ ხატს, ველი მირონს...
მხოლოდ იმიტომ,
რომ ბოლოს,
იმედის ეს სახიერება
შუბლზე
ტყუილად მიმშრალ ლაქად ვაქციო.
***
(წვალებით ვახვევთ
მე და მამაჩემი თუთუნს...
რომ ბოლოს მაინც
ფერფლად ვაქციოთ...)
13 დეკემბერი, 2022წ.