ზამთარი სინათლის ქუჩაზე


[act 1: ვიღვიძებ ღამით...]

უმწეო, მოკვდავი,
სპეტაკი თოვლი,
თავს აფარებდა
უჩვეულოდ თეთრ ცას.

მეც,
ამ თოვლივით,
შიშით ვთრთოდი...

- ...აღარ დაღამდება,
ამაღამ... - ვფიქრობდი.

შენსავით, მუდამ ბაგეზე მიკრული
პატარა ცრემლი, 
ფრესკასავით მაშრება...
თუმცა, მაინც რჩება,
ან, შრამად, 
ან, გადარჩენის რწმენად,
ან, სულაც, ჩემს ღმერთად...

[act 2: გიჟმა, შეიძლება, ვერ განასხვავოს,
დიალოგი და მონოლოგი]

- ჩვენებურად,
რა ჰქვია, ჩემო,
შვებას?
(ხედავ?
ყველაფერი მივეცი დავიწყებას...
თუმცა,
თითქოს,
დასასრულის გარეშე,
ბლაგვი მახვილით მჭრიან ენას). - ამ კითხვასღა ვბედავ...
მერე, უცებ,
ვიღაც მიკრძალავს მზერას
და
ვეღარ ვხედავ,
შენსავით
ლამაზ თქორებს.

[act 3: გამვლელი]

კულისებში,
მოხუცი ხეები
ჭაღარა თმებივით, 
უნებურად ყრიან მიწაზე
ფოთლებს.


29 ივნისი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი