რა მოხდა? რამე მოხდა?


ხელში რამდენიმე
სახეობის
ფერადი ყვავილების
კონებით,
სადარბაზოში შევვარდი.
ვერცერთის ფერს ვერ ვარჩევდი, 
ყველა უფერო იყო,
მაგრამ ვიცოდი, შენ გაარჩევდი.
ვიცოდი, მოგეწონებოდა რომელიმე.
...
- გოგილოს გაუმარჯოს! - გოგა კინაღამ წავაქციე კიბეებზე, ისე სწრაფად ავრბოდი სახლისკენ.
- კოტეს ვენაცვალე. - გოგამ ზურგზე ხელი დამარტყა, ძმაკაცურად, და თითო კონიდან, თითო ფერის თითო ყვავილის ნაფლეთი გადმომარწყევინა.
ლიფტის გამოძახება დამეზარა.
ალბათ იმიტომ, რომ 
იქ ლოთი ზაურა შემხვდებოდა, დამიწყებდა, 
ეს ყვავილები ვისთან მიგაქვსო, 
არ იჩქარო შვილო, 
სანამ დრო გაქ, გაერთეო, 
"ხლებნაიას" და 
მთელი დღის ნაგროვებ 
პირის ღრუს არომატს 
სახეში შემომაფრქვევდა და 
თავსაც მაცემინებდა ბოლოს.
...
- ხელში რა გაქვს?
- მაცადე შემოსვლა. - ძლივს ამოვისუნთქე.
- მორბოდი?
- ჰო.
- კოტე, კოტიკო, დაჯიას ბუტკიდან მეოთხე სართულამდე ეგ ყვავილები არ დაჭკნებოდა, ხო იცი?
- რავი. - არადა, ამ უფერული გარემოცვის შემსწრეს, რომელშიც წლებია ვცხოვრობ, მართლა მეგონა, რომ ყველაფერს და ყველაზე ფერად რაღაცებსაც კი თუ შეეძლოთ, ერთგვარად დამჭკნარიყვნენ.
კონები თეთრ მაგიდაზე დავუდე, 
პალიტრასავით გავუშალე.
სათითაოდ იღებდა და უყურებდა.
- ეს ფერი ვიცი. შენ რომ კაბა მიყიდე, იმ ფერისაა.
...
- ამას ჩვენი ჩაიდნის ფერი აქვს.
...
- ოხ, ეს დედაჩემს უყვარდა ძალიან...
მე ვერცერთ ფერს ვცნობდი.
- ყველაზე მეტად რომელი 
მოგეწონა? - გავუღიმე.
- რომელიც ყველაზე
უცხოა, ის. - თვითონაც გამიღიმა, მერე სიგარეტს გაუკიდა.
- ანუ, რომელი მოგიტანო ხოლმე?
კვამლი ღრმად ჩაისუნთქა, მომაშტერდა.
სახეში შემომაბოლა.
მერე ჩემს ფეხებთან დააფერფლა.
სკამიდან წამოიწია და
ხელზე ხელი მომისვა.
- მიმიხვდი? - სკამის საზურგეს მიეყუდა ისევ და იცინოდა.


29 ოქტომბერი, 2024წ.

Kafka Hurnmann

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი