ნუ ფიქრობ ამდენს


წვიმამ არ მოასვენა ღამე,
ჰოდა,
დილით,
ფეხზე წამომდგარი,
ვფიქრობდი,
მეთქი, იქნებ, ცოტათი დაშრეს,
ცოტათი დაშრეს...
წინწკლებს
ცრემლებივით ვწმენდდი ლოყებიდან
ჩემი სახლის ფანჯრებს.
...
- იქნებ, ერთი დღეც დარჩე... - სადღაც გავიხედე.
პასუხი არ მიმიღია.
- ან თუნდაც, ერთი საათითაც
რომ დარჩე...
ნახევარი საათით...
...
რომ ადგა,
წვრილ წელზე
ჰულა-ჰუპივით უბრუნავდა
"მჭიდროდ" შეკრული ქამარი.
- ნუ ფიქრობ ამდენს. - თმა აიწია.
- რამდენს? - უაზრო პასუხი გავეცი.
- ნუ ფიქრობ ამდენს. - იმეორებს.
იმეორებს.
იპოვნის მეორეს.
არ ვიცი, რა იქნება.
...
ღია ფანჯარაში,
ველაპარაკები
მურში დაფარულ ყვავებს.
ორნი არიან,
დაცლილს, მკვდარს...
ორივე შემჭამს,
ორივე დამგლეჯს.
- უთხარი, ცოტა ხნით
დარჩეს. - მითხრა ერთმა.
- არ შვრება. - თავი რაფაზე დავდე.
- შენც, ნუ იფიქრებ ამდენს. -  მითხრა მეორემ. 
მიყურა,
აქნია თავი,
ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ.
გაფრენას აპირებდა,
თუმცა,
დამემშვიდობა:
- რამე უთხარი,
გასათეთრებელ,
ცამდე ასაწვდენ,
სიყვარულის წითელით
დათხვრილ
თეთრ აფრებს.
...
ვაღებ კაბინეტის კარებს...


4 ნოემბერი, 2024წ.

Kafka Hurnmann

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი