რიგი
თეთრ აფთიაქთან, რომლის გარე ვიზუალს წვიმიანი ამინდი ხშირად თხვრიდა, პატარა რიგი დამხვდა. ... შემეძლო, გადავხტომოდი, არავინ ჩანდა, ყველა ჩემი უბნელი იქ იყო ჩაცუცქული. ჩხიროც იქ იყო. გოგა არ ჩანდა. მაგრამ, რიგი ნაღდად იყო. ... ფანქარით გასმული შავი ხაზი, ნელნელა მიიწევდა წინ, კარისკენ, ცოტა ხანში, მეორე კარიდან გამოდიოდა, საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა და ასე გრძელდებოდა. ... ვიდექი და ვუსმენდი წვიმის წვეთებს... აჰა, აი, აი, ასფალტზე კიდევ დაეცნენ. ვუსმენდი უბნის ბებრებს... - კიდევ კარგი, ჩემი გოგო მიგზავნის ოსლოდან ცოტა ფულს, თორემ, მე რაც მაქვს, წამლებზეც არ მეყოფოდა. - ამაყად და თან დამწუხრებით თქვა ერთერთმა. - ჰოო, აბა, შენ ეგა თქვი, რა დრო დაგვიდგა... არ ჩამოვა შენი გოგო? - მეორემ უპასუხა. - რავიცი, აბა, იქ, სადაცაა, კარგადაა. ფერებს მაინც არჩევს ერთმანეთისგან. ჩვენ, კიდევ კარგი, ჯერ შავ-თეთრად მაინც რომ ვხედავთ... - მოხუცმა თბილი ქუდი შუბლზე ჩამოიფხატა, მერე უკან გამოიხედა. ჩემკენ წამოსული მზერა რატომღაც ავიცილე. ცოტა გვერდით გავიხედე. ... - ჩხირო, რაო ექიმმა, რა დაგინიშნა? - იქვე ორი ჩემი უბნელის დიალოგს შევესწარი. - კიდევ უნდა გაიჩხიროო. - ჩხირომ ნაფაზი ამოქაჩა. - ჰოო? რატო? - მეორემ პასუხი დაუბრუნა და თან მიაშტერდა, თითქოს, ელოდებოდა, ბიჩოკამდე სანამ ჩავა, მეც დამიტოვებს ცოტასო. - რავი. - ჩხირომ ქვემოთ დაიხედა და დააფურთხა. - მელანდება რაღაცები, შეჩემა. - რა გელანდება? - ვიღაც გოგოს ვხედავ ხოლმე. - თითქმის ბოლომდე ჩასული სიგარეტი მიაწოდა. - როგორი გოგოა? კაია? - მეორემ გაუღიმა. თან ნაფაზი ძლივს ამოარტყა. - შავგვრემანი. ფითქინა. ცოტა დაბალი. გამსლეული, იმენა. - ვა. - თაფლისფერი თვალები აქვს. - გაკვირვებულმა შეხედა. - ვა, ფერებში ხედავ? - ჰო. თმა წაბლისფერი. - მეც ვხედავ ხოლმე, ვიღაც გოგოს. - ესეთს? როგორც მე? - ჩხიროს გაუკვირდა. - ზუსტად ეგეთს არა, მარა ის მახსოვს, ფერადია. - ჰოდა, რავი. გვინდა რამე ამ აფთიაქში? - ჩხიროს გაეცინა. იმანაც გაიცინა, ბიჩოკი წუმპეში მოისროლა. მერე ჩემკენ გამოიხედეს. შემამჩნიეს, გულის ყურით რომ ვუსმენდი. - კოტე, შენ რა დაგინიშნეს? - ჩხირო მომიბრუნდა. - მარტოობა გაგიჟებსო, ექიმმა. - ვუთხარი. - მერე? რით უნდა უშველო? - არ ვიცი. ვნახავ. არც დამიხედავს რეცეპტისთვის. ... ცოტა ხანი გავჩუმდით. - კოტე, შენც გელანდება ვინმე? - ჩხირომ გამიღიმა. თვალები გამიფართოვდა. პასუხი არ გავეცი. ... მოვიდა ჩემი რიგი. შევედი. სიტყვა არ დამიძრავს. სალაროსთან რეცეპტი დავდე, ბარათი დავდე პლასტმასის დაფაზე და მივაშტერდი. არ ვიცი, რა წამალი მომცეს. არც ვკითხე. არც დავხედე. გამოვედი. ... - კოტე, შენც გელანდება? შენც გელანდება, ძმა? მაგარი ლამაზი გოგოა, არა კოტე? კოტე, არ გინდა, აღარ მოგელანდოს? რატო გენდომება. რატო გენდომება. - ჩხიროს და მისი ძმაკაცების ხმა ყურში პატარა ხოჭოსავით მიბრუნავდა. გამოსვლა უნდოდა... მაგრამ, ვაი მის ბედს. ... ექოს ქურთუკით ავუყევი ნახევრად მომშრალ კიბეებს. 5 ნოემბერი, 2024წ. Kafka Hurnmann
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი