შავი ყვავილი
მივედი სახლამდე, კარი შევაღე. წამალი მაგიდაზე დავდე. ქაღალდის პარკიდან არც ამომიღია. ... ფანჯარაში გავიხედე და ახლა ქვემოთ არავინ იყო. არავინ ჩანდა. არც შენ. რაც მთავარია, შენ არ იყავი. შენ არ ჩანდი არსად. ... წამალი არ დავლიე, დაგელოდე. ... - ამას ჩაიტან ქვემოთ? - მაგიდასთან ჩამოჯდა, ლარნაკზე მიმითითა, რომელშიც იდო გაშავებული ყვავილი. ფოთლებ გაშლილი, წყლიდან, ღერით, ეკლებით, ფოთლებით, ფრთებივით, ცაში აწვეტილით, იჯდა შავი ყვავივით, შავი ყვავილი. - ჩავიტან. - ვუპასუხე. ჭიქაში ცოტა ვისკი დავისხი. მასაც შევთავაზე, ცოტა დამისხიო. ... ვწრუპეთ ვისკი, მოვწიეთ, ვისკის მწარე გემომ სახეები დაგვიჭყანა, ერთმანეთს ვუყურებდით და ვიცინოდით. - ლადიკა ბაბუს ჰგავხარ, ეგრე რომ იჭყანები. - მიყურებდა და იცინოდა. - ეგრე როდის იჭყანება ხოლმე? - მეც გამეცინა. - ბოსტანში, კატები რომ უჯვამენ, მაშინ, ან, ჩხირო რომ ყოველ შემოდგომას კარალიოკს ჰპარავს, პირდაპირ ხიდან, მაშინაც. - ორივე ვხარხარებდით. - ნეტა როგორაა ლადიკა ბაბუ... - ვუთხარი. - რავიცი, როგორ იქნება. აი, მაგ ლარნაკს რომ ჩაიტან, შეგხვდება. მოიკითხე, მეც მომიკითხე. - ცოტა ვისკისაც ჩავუტან, გაუსწორდება. - ჰო. - ჩხირო გაგიჟებულა სულ. - ეგ არ იცოდი? - ვიღაც გოგო მელანდებაო. - ბევრი მოწიოს კიდევ. ... მერე, საღამოსკენ, შუქი წავიდა, რაღაც დაზიანება იყო. ჰოდა, ადრე დავწექით. - ანუ, ჩაიტან ხომ ხვალ? ხომ არ დაგავიწყდება? - გადმობრუნდა და დაიწყო თავიდან. - ჩავიტან, ბელა, ჩავიტან. დამაძინე, რა, ან, სიბნელეა, ეხლა მაინც დაიძინე. - სიბნელეში, შენ რა იცი, მე მძინავს, მღვიძავს თუ რას ვშვრები? ... ეზოში ჯარად კარდაკარ დაბორიალობს მხსნელი, ღმერთი. ... კიდევ ცოტა ხანს, ასე დავრჩები... მერე, მერე მაინც, ერთხელ მკითხე, რას ვშვრები. გაიგებ, ვიცი. 6 ნოემბერი, 2024წ. Kafka Hurnmann
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი