ლარნაკების სკვერი


ზანტად წამოვჯექი საწოლზე,
ფარდას მივწვდი და გადავწიე.
ისევ ისე წვიმდა.
უკვე, რაღაც ტანში მცრიდა.
უკვე, რაღაც,
პირს იჩენდა, ბასრად,
ნაფლეთ-ნაფლეთ
მჭრიდა.
მატარებდა გარე-გარეთ.
ვერსად გნახე...
ალბათ, უკვე, უშენობა მჭირდა.
...
ჩვენთან, უბანში,
ერთი ადგილია,
ლარნაკების სკვერს ვეძახით.
ყველაფერია იქ,
ლამაზი ქვაფენილი,
გრძელი სკამები,
მაგიდა თავისი სკამებით
და სახურავითაც.
გაზონები ლარნაკებითაა შემოღობილი.
ამ სკვერში,
ძველი ლარნაკები ოდითგანვე ჩამოჰქონდათ ხოლმე,
ყველა წყლითაა სავსე.
ზოგში, ჯერ კიდევ დევს ყვავილები,
თუმცა, უმეტესობა მაინც
წყლის ამარაა,
ზოგშიც ბიჩოკებია ჩაყრილი.
ზოგჯერ, ეს ლარნაკები ცარიელდება
და წვიმა ავსებს წყლით, ხელახლა.
ჩხირო და მისი ძმაკაცები,
უბნის მოხუცი კაცები,
ხშირად, მეც,
ამ ლარნაკებს საფერფლეებად ვიყენებთ.
ზოგჯერ, აქ ის ყვავილები იდებენ ბინას,
რომლებიც, თავიდან,
ვინმესთვის იყვნენ განკუთვნილნი,
თუმცა, 
ბედმა,
ამ სამუდამო მარტოობის სკვერში დაუდო
ბინა.
თითო ლარნაკი რაღაცის სიმბოლოა აქ.
რაღაც ამბავს,
ძალიან 
ჩუმად, ფრთხილად ინახავს,
არავის ეუბნება.
ალბათ, ისეთ ამბებს ინახავენ,
რომლებიც დავიწყებას
უნდა მისცემოდნენ,
რომლებიც არავისთან უნდა
თქმულიყო.
...
მალევე ავდექი,
გადავივლე.
ჩვეულად, ყავა დავლიე
და ერთი ღერი დავაყოლე.
ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო,
სადღაც, დილის რვა საათი.
მაგიდაზე რეცეპტი იდო,
დავხედე.
"მიიღეთ დღეში ერთხელ,
ჭამის შემდეგ." - ასე ეწერა.
ყავა რომ დავლიე, 
ჩავიცვი,
ერთი აბი დავლიე.
მერე მაგიდიდან ლარნაკი ავიღე,
ყვავილებიადან და სახლიდან გავედი.
...
კიბეებზე რომ ჩავდიოდი,
წყალი აქა იქ მექცეოდა.
ეზოდან გავედი,
ცოტა გავიარე და სკვერსაც მივადექი.
სკვერში არავინ ჩანდა.
რომელიღაც გაზონს მივუახლოვდი
და ლარნაკი რიგში დავდგი.
ყვავილები არ ამომიღია.
დანარჩენებს დავხედე და თითქმის
არცერთში იყო ყვავილი დარჩენილი.
რომლებშიც იყო, უმეტესობა
უკვე დამჭკნარიყო.
თუმცა, ერთი ვარდი შევნიშნე,
სულ ახალს ჰგავდა,
გახარებულს,
წვიმასაც ბევრი ვერაფერი დაეკლო.
მივხვდი,
ჩემამდე ვიღაცას ჩამოეტანა.
...
გადახურული მაგიდისკენ გავიხედე
და ლადიკა ბაბუ დავინახე.
თავიდან, არ მინდოდა მივსულიყავი,
იმიტომ რომ ვისკის ჩამოტანა დამავიწყდა.
ლადიკა ბაბუ თავის ძმაკაცთან ერთად
იჯდა, წინ დახურული ნარდის დაფა ედოთ.
- გამარჯობა,
ბატონო ლადო! - ესე ვეძახდი ხოლმე.
- დილა მშვიდობის, კონსტანტინე!
დაგვილევ ერთ ჭიქას?
- მადლობა, ვერა, ბატონო ლადო,
აკრძალული მაქვს
სასმელი. - მოვატყუე.
- უხ, ვინ აგიკრძალა? - გაეცინა.
- ექიმმა.
- ჰოო?
- ჰო. თქვენ როგორ ბრძანდებით?
- რავიცი, ძველებურად.
ლადიკა ბაბუ ბედნიერი ჩანდა.
ეტყობა, ჯერ ბოსტანში არ შეეხედა,
არ იცოდა, კარალიოკი დახვდებოდა
მოპარული, თუ ნათესებზე ნახავდა
კატის მოჯმულს.
მერე, ცოტა ხანი
მოსაწყენ თემებზე ვილაპარაკეთ,
ბოლოს, გამაჩერა მაინც,
ავდექით და ცოტა დავლიეთ.
რაღაც კარგი და ძლიერი არაყი
ჩამოეტანა, პიტნის.
- კიდევ რომ ჩამოვალ,
ვისკის ჩამოგიტანთ აქ. - ვუთხარი და
თითქმის დაცარიელებულ ბოთლს
მივაშტერდი.
ლადიკა ბაბუმ
გამიცინა,
დამლოცა,
უკვე მიშვებდა სახლში.
მაგრამ, გადახურულიდან გასული,
გამაჩერა და მითხრა:
- კოტე, თუ დაინახავ,
რომელი მამაძაღლი მპარავს კარალიოკს,
გადაეცი,
მითხრას და გავუნაწილებ.
გეტყოდი,
მე მითხარითქო, მაგრამ
ავადმყოფი კაცი ვარ,
არ შემიძლია ჩხუბი...
ადრე გამეგო, ეხ, დედას ვუტირებდი.
- ვეტყვი აუცილებლად,
ბატონო ლადო. - ხელი ჩამოვართვი
და ჩემს გზას დავადექი.


7 ნოემბერი, 2024წ.

Kafka Hurnmann

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი