ძვლების ქანდაკება
კიბეებზე ბარბაცით ავდიოდი, ჯერ მეორე სართულზე ვიყავი და უცებ, ჩხიროს შევეფეთე. კიბეებზე ჩამორბოდა. - გაუმარჯოს. - გადამკოცნა და ზურგზე ხელი მომარტყა. - რას შვები, როგორ ხარ? - რატომღაც, ცარიელი მისალმების ამარა არ გავუშვი. - რავი, ნელნელა. შენ? - არამიშავს, ლარნაკების სკვერში ვიყავი. - ჰო? სვამდით? - არა. - აბა, ნარდს თამაშობდით? - ისე ჩავედი. ... - სიგარეტი გაქვს? - ჩხირომ წამიერი სიჩუმე გაარღვია. ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და მივეცი. ერთი ღერი ჩემთვისაც ამოვიღე. გავუკიდეთ. ჩხირო კედელს მიეყუდა, ძალიან ნელა, ჩუმად, თავჩაქინდრულმა, ნაფაზი ამოქაჩა და გამოაბოლა. ეტყობოდა, რაღაც ვერ იყო რიგზე. - ხო მშვიდობაა? - ვკითხე. - გახდა ძალიან. - ვინ? - გამიკვირდა. არავის სახელი უხსენებია. სახეზე ხელი ჩამოისვა, თითქოს, სევდიანი როჟა ჩამოიბანა და გააგრძელა: - მარტო ძვლები დარჩა, კოტე. მკლავს და ნეკნებს შორის, ღრიჭოები აქვს. ძაან ღრმა ღრიჭოები. გველი გაძვრება. ...მაინც ლამაზია. მაინც ლამაზია... - ვფიქრობდი. - მარა, მაინც ყველაზე ლამაზია. - მოულოდნელად გააგრძელა ჩხირომ. ... არ ვიცოდი, რა მეთქვა. უეცრად, ძალიან ცუდმა წინათგრძნობამ შემმოსა უცნაური, მალარიისებრი ანაფორით. სახლში ასვლაც არ მინდოდა, თუმცა, ჩხირო მალევე დამემშვიდობა. მეც, ისევ კიბეებს ავუყევი. ... კარს რომ მივადექი, გასაღებმა შეხებისთანავე თითი გამიყინა. თითქოს, საკეტში შეყინულიყო. არ მივაქციე ყურადღება. გვერდიდან, პიანინოს დახშული ხმა გავიგე. არაფრად ჩავაგდე. შევედი სახლში. ... იქ იჯდა. რაღაცას აშტერდებოდა. გამჭირვალე ფარდის მიღმა მზემ შემოანათა და ერთერთმა სხივმა მისი გამჭირვალე სარაფანი გაკვეთა. მაშინღა შევამჩნიე, როგორ გამხდარიყო. მარტო ძვლები იყო დარჩენილი და მარტო სახე კანი, თმა და მზერა შერჩენოდა. ის, ლარნაკივით ფრთხილად გამოყვანილი, ადვილად დასამსხვრევი, თუმცა მაგარი, მკვეთრი ფიგურა, აღარსად იყო. - რა გჭირს? - შუქი ავანთე. არ მიპასუხა. ცოტა ხანი სამზარეულოში ვიტრიალე, ჭიქებს ვეძებდი. - ყავა გინდა?! - ხმა მიკანკალებდა. თვითონ, არც შემკრთალა, ან, ალბათ, ვერ გაინძრა. - ყავა? ჩაი? ვისკი? ფრეში? წყალი? - უკვე არ ვიცოდი, რას ვროშავდი. წინ დავუჯექი. მზერაზეც არ მიპასუხა. ... მკლავებით ნავი გავაკეთე და შიგნით ჩავსვი. ოთახში წავიყვანე, დავაწვინე. ... მე მოვალ წვიმად ან ქუხად, თუკი, თუკი, ეს სახლი, ისევ ისე, უეცრად გაჩუმდა... ნუღარაფერს როშავ... ნურცერთი სიტყვით ნუღარ მომკლავ... თორემ, უჩემოდ, მზე დამწუხრდა. ის მწველი ფერი გაუქრა... - ხმა მესმოდა. უკვე, ჩუმად, გაკვირვებული ვაცეცებდი თვალებს. ... არ მიპასუხა. 8 ნოემბერი, 2024წ. Kafka Hurnmann
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი