მომვლელი


სადღაც ორი კვირაა,
ბელა ოთახშია.
აღარც ფანჯარასთან დგება,
მახსოვს, როგორ იკრავდა ხოლმე
თმებს
მზის შუქზე.
თან, თეთრი სახით, მზეს ეფიცხებოდა.
ყავას აღარ სვამს.
ხანდახან,
ჩაი შემაქვს დილაობით,
ვფიქრობ, მაგით მაინც გათბება.
სულ ცოტას აკლებს ხოლმე.
თან, ტკბილი უყვარს და
მერე მე ძალით ვსვამ მორჩენილს.
მე ტკბილი არ მიყვარს.
...
სადღაც ორი კვირაა,
ქვემოთ,
მაღაზიაში ხშირად ჩავდივარ.
დახლებს ვუყურებ,
ვერ ვფიქრობ,
რა მივიტანო სახლში,
არ ვიცი, რას შეჭამს, რა მოეწონება.
...
სადღაც ორი კვირაა,
ბელას ერთი სიტყვაც
კი არ უთქვამს.
ზოგჯერ, იქვე თუ ვარ,
და თუ ვაკვირდები,
ვამჩნევ,
აქა იქ ამოიხვნეშებს ხოლმე.
...
მომვლელი ავიყვანე.
ბელასავით ჩუმია,
თუ რამე არ ჰკითხე,
თვითონ არაფერს გეტყვის.
თუ ჰკითხე,
ზერელედ გიპასუხებს,
მაგრამ, იმედს მოგცემს.
იმასაც გაჩვენებს,
რომ გაჭირვებულისადმი
ემპათია შერჩა.
მაგრამ,
მე,
მე? მე ვინ ვარ,
ვინმესგან რომ
ვითხოვ ემპათიას?
რად მინდა?
ან, სხვა რა ვალდებულია?
არა. არ ვიცი.
ზოგჯერ, უბრალოდ მგონია,
რომ საკუთარი ფიქრები არ მყოფნის.
...
მოსაღამავებულს,
სახლში ვბრუნდებოდი.
კართან დავდექი და წამით
გავჩერდი.
მარცხნიდან,
ხმა მომესმა.
გავიხედე,
იმ ძველი პიანინოს უკან,
ორი თავსაფრიანი ქალი იდგა.
- სულ გაგიჟდა ეს ბიჭი. - ერთმა თქვა
და ნაოჭიან, რბილ ლოყაზე
ხელი მიიდო.
- აბა, აბა.
ან, ამ გოგოს რას უშვება ასეთს.
როგორ გაახდუნა.
ძვალსაც აღარ დაუტოვებს 
მალე. - ფსევდო-მწუხარებით წაიჩურჩულა მეორემ.
- ესენი აქ მე ვერ
მხედავენ? - ბრაზმორეულმა გავიფიქრე
და ვითომ შემთხვევით,
კარს ფეხი მივარტყი.
გამოხედვაც არ მიმიღია პასუხად.
აშკარად ვერ მხედავდნენ.
- მოგიტყანთ
ჭორიკანა ტუჩები. - ჩავიბურტყუნე.
ისევ არანაირი პასუხი.
არანაირი რეაქცია.
ავდექი
და
მეც
დავიკიდე.
ნუ, ბელა რომ კარგად ყოფილიყო,
და მაშინ ეთქვათ რამე მსგავსი,
უფრო ადვილად დავიკიდებდი.
ახლა, წუხილზე,
დანაშაულის გრძნობა მემატება.
(ზოგჯერ,
ზოგჯერ მგონია,
რომ ზურგზე,
მეორე, სხვისი ჯვარი
მემატება.
ასატანადაც, რომ არ მენანება...
მაგრამ, იმ თავისი ოთხიდან,
პატრონს თავისთვის
ყველა ლურსმანი ენანება).
...
სახლში შევედი.
მომვლელი ოთახში იყო,
ბელასთან.
როგორც ყოველთვის.
მაგიდასთან დავჯექი.
ღია კარიდან გამოიჭყიტა და
შეშინებული კატასავით გამოვარდა.
სამზარეულოსკენ გავარდა.
ჯერ თეფში ეძება.
მერე ჭიქა.
მერე საფერფლე.
- არ მშია, გმადლობთ. - ვუთხარი.
- როგორც გინდა, შვილო. - ერთი ხელის თითები ნაზად გადაასეირნა მეორე ხელის თითის ზურგებზე. ნაოჭები ალბათ, ბორცვებად ეჩვენებოდა.
- დღეს გითხრათ რამე? - სიგარეტს გავუკიდე.
- არაფერი. - თავი ჩაღუნა.
- წუხს? - კიდევ დავუსვი შეკითხვა.
- არა. ამოიხვნეშებს ხოლმე.
მაგრამ, უფრო და უფრო ხდება.
ექიმები რას გეუბნებიან, შვილო?
ფანჯარას გავხედე.
- ვერ ვიპოვნე ექიმი, ვინც რამეს მეტყვის. - თმა ავიჩეჩე.
...
ასე გრძელდებოდა
კიდევ რამდენიმე დღე.
ბელა ნელნელა უფრო და უფრო გახდა.
ბოლოს, მახსოვს,
მარტო სახე და ხელის მტევნები 
იყო დარჩენილი.
თუმცა, კიდევ რამდენიმე დღე,
თვალებს სწრაფად აცეცებდა აქეთ იქით.
მეც რომ შევდიოდი ხოლმე,
თვალებით მელაპარაკებოდა.
დიდად არ მინდოდა, მეფიქრა,
რისი თქმა უნდოდა.
თუმცა ვამჩნევდი, ძალიან 
ნაწყენიც არ იყო.
არც წუხდა.
მეც ვიჯექი ხოლმე და
ასე, უბრალოდ ვუყურებდი.
...
შაბათი დღე იყო.
დილით ბელა მომვლელთან
დავტოვე.
მომვლელი რომ მოვიდა,
ცოტა ვისაუზმე და მალევე გავედი სახლიდან.
არ ვიცი, რას ველოდებოდი.
არ ვიცი, რა წინათგრძნობა მახრჩობდა.
მაგრამ, ძალიან მინდოდა,
ამ რაღაც მისტიურ ვალდებულებას
გავქცეოდი და
ცოტა ხნით მესეირნა.
...
მზემ ზედმეტად შემაწუხა
და მალევე ავედი სახლში.
კიბეებიდან კარს მალევე მივადექი,
ღია კარში მომვლელი შევნიშნე.
ქურთუკი ჩაეცვა,
ხელჩანთაც ტრადიციულ
პოზაში დაეჭირა.
აშკარად ადრე მიდიოდა
და ვიფიქრე, რამე ხომ არ შეემთხვათქო
რამე სასწრაფო საქმე ხომ არ გამოუჩნდათქო.
- ხომ კარგად ხართ? 
მშვიდობაა? - სადარბაზოდანვე ვკითხე.
- დაიძინა.
რომ დავხედე,
სახე ნელნელა 
უფრო და უფრო გამჭირვალე 
უხდებოდა. - ჩემს სახლში შემოსვლას დაელოდა და მერე მითხრა.
ზერელედ დამემშვიდობა და ჭრაჭუნით გაუყვა სადარბაზოს ცივ იატაკს,
შემდეგ ცივ ბეტონის კიბეებს.
ოთახში რომ შევედი,
ბელა იქ უკვე აღარ იწვა.
მარტო საღამური იდო.
დავჯექი,
სკამის საზურგეს
საკმაოდ დიდი ნდობით მივეყუდე
და სიგარეტს გავუკიდე.


9 ნოემბერი, 2024წ.

Kafka Hurnmann

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი