და რა ვუყოთ ხმებს?


ცოტა დრო რომ გავიდა,
ჩემი სახლი საავადმყოფოდ გადაიქცა.
წესით, ბელას ოთახი ექიმის კაბინეტი
უნდა ყოფილიყო,
მისაღები ოთახი კი მოსაცდელი
დერეფანი,
თუმცა მე ყველაფერი უკუღმართად
გავიგე.
ვზივარ,
ჭერს ვუყურებ,
ლამაზ, სამთავა ჭაღს
ბოლში ვმოსავ,
იატაკზე ტყავის ფეხსაცმელს ვათამაშებ.
რაღაცას ველოდები.
...
- შემდეგი! - მისაღები ოთახიდან,
ბოხი ხმა გავიგე.
არ გამიხედავს იქით.
თუმცა, შემდეგმა ფრაზამ გამომაღვიძა:
- უზნაძე კონსტანტინე! - მკაცრი,
უფრო ბოხი და
გაბრაზებული ტონით მომესმა
ჩემი გვარი და სახელი.
ავდექი და ღია კარში გავედი.
მთლიანი ოთახი თეთრი იყო.
ახლად დალაგებულს ჰგავდა
და უცნაური,
საავადმყოფოს სუნიც იდგა.
ჩემი სამზარეულოს კაბინეტები
ფარმაცევტებს და ექიმებს მიეთვისებინათ.
ზოგში რაღაც გამოუსადეგარი
არქივები ელაგა,
ზოგში წამლები.
...
მაგიდასთან თეთრ ხალათიანი კაცი იჯდა.
ძალიან წითელი სახით,
ტლოპინა თავითა
და გადმოკარკლული თვალებით.
გვერდით ეჯდა
ვიღაც
მეორე კაცი,
შავი პალტოთი
და დიდი ქუდით.
უკან პიანინო ედგა.
- ახლა ხომ ხედავ? - წითელ თავიანმა კაცმა საუბრის დაწყება ინება. - ის მხატვარი მართლა აღარაა.
იმ დღესვე მოკვდა,
როცა გითხარი.
შენ არ დამიჯერე.
ალბათ, იმიტომ,
რომ ფერები ძალიან ნელა ქრებოდნენ,
თუმცა, შენც ხომ ატყობდი მათ
გაცვეთას?
ხომ ატყობდი, აღმდგენი რომ არავინ 
ჰყავდათ? - აგრძელებდა და მაშტერდებოდა.
წვერზე ხელი მოვისვი და მერე ხელი
ერთ ხანს ჯიბეში ვაფათურე.
ერთი ღერი სიგარეტი 
და ასანთი ამოვაძვრინე.
- აქ არ ვეწევით. - უკვე უნდა გამეკიდებინა, თუმცა იმ მსუქანმა ექიმმა საკუთარ სახლში მოწევა ამიკრძალა.
- კეთილი. - სიგარეტი წინ დავიდე.
- ხოდა, ახლა გჯერა? - გააგრძელა. ის დიდ ქუდიანი კაცი ისევ ჩუმად იყო.
თავის კალთას დაჰყურებდა.
- მჯერა, კი. - იმ სიგარეტის ღერს მაგიდაზე ვაგორებდი წინ და უკან...
წინ
და
უკან...
...
შენ,
ყველა სარკმლიდან,
გაქრები, ჩუმად.
ნეტავ, პალატების იქით...
ის ბაღი, ისევ თუა...
...
მე ვეღარ ვიგრძნობ
ვარდის ღერების ეკლებს.
უშენოდ,
სხვისთვის,
ვერცერთ ყვავილს ვკრეფ.
ალბათ,
ამ უფერობას სჯობს,
სადმე გავყვე
დანარჩენ ბრმებს.
მაგრამ,
რა ვუყოთ ხმებს?
...
ცოტა გამოვფხიზლდი.
უკვე ვიცოდი,
სადაც არ უნდა გავსულიყავი,
ყველაფერი ერთნაირი და
მოსაწყენი მომეჩვენებოდა.
- ეს კარგი, კი ბატონო.
გასაგებია. - უცებ, ის დიდ ქუდიანი
კაცი ჩემს და ექიმის შუაში დადგა
და ალაპარაკდა.
თითები 
ცოტა ხნით 
ხმაურიანად ათამაშა ხის მაგიდაზე,
ბოლოს, გააგრძელა,
გააგრძელა ისე, იცოდა,
პასუხი არავის ექნებოდა:
- და რა ვუყოთ ხმებს?


10 ნოემბერი, 2024წ.

Kafka Hurnmann

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი