AlmostNeverSad
დილით, ჰორიზონტზე, მზის სხივი ძალიან წვრილი თვალსახვევივით მეკვროდა სახეზე. თვალებს შუაზე მიჭრიდა. ეხლა საღამოა. წვიმს. გამხმარი, რიჟა ფოთლები დამბალან და ასფალტზე ნაგროვებ, ძალიან პატარა გუბეებში ნებივრობენ, ცოტა მეტი წვიმაც და სადაცაა გაცურავენ. ... მე სიგარეტს ვეწევი ზებრასთან. ჩემს წინ სამი ტიპი დგას, ერთს ჰასკი ჰყავს, მეორეს შნაუზერი, მესამეს ლაბრადორი. ჰასკიმ სადაცაა, საყელოთი თავი მოიხრჩო, ისე გამეტებით იწევს გზისკენ. ლაბრადორმა შნაუზერს პროჭში უსუნა. ის შნაუზერი კი დგას დასტოინად, პატრონის ნიშანს ელოდება. ... მე სიგარეტს ვეწევი ზებრასთან. ლამაზად წვიმდა. წვიმის წვეთებმა არც სიგარეტი ჩამიქრო და თმაშიც არ დამცემია. მარტო თვალის ქვეშ დამეცა ერთი. ... წინ და უკან ვიარე. (დღეს, ალბათ, გეტყოდი, გარეთ გამოდი-მეთქი). გზები საითკენაც ვიცოდი, ყველა ის გამზირი მოვიარე. (მაგრამ, რა მოხდა?) ... უკვე სახლისკენ მიმავალ გზაზე, რაღაცნაირი სიცივე მაფორიაქებს. - აბა, ჩემო ძმაო, ეგრე ვინ გალოლიავებს. - ვიტრინას გარედან ასფალტის ნაჭერი ჰქონდა მიწებებული. თან, გადახურული იყო და წვიმა იქ ვერაფერს ასველებდა. ვიღაც ორი ტიპი იჯდა და ლაპარაკობდნენ, ხოდა მანდედან მომესმა ეს ფრაზაც. ... მე სიგარეტს ვეწევი ზებრასთან. ვიღაც მოხუც ქალს კვამლის სუნი არ ევასა. რა ვქნა, ჭყლეტაა. ... მე სიგარეტს ვეწევი ზებრასთან. ჩემს წინ, ღამის შუქურებივით თავმომწონე ასობით მზერაა. შენ არა. ... მე სიგარეტს ვეწევი ზებრასთან. 16 ნოემბერი, 2024წ. electro-ego-iko
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი