melancholic/alcoholic
სანამ ბოლომდე არ დაეცემი... სანამ, ვეღარცერთი მუხლით გაუძლებ სულის, სასულეთის დედამიწაზე თოვლად დადებულ ზამთარს და ყინვას, ზამთარს და ყინვას - შენში, უთხარი - რომ ხარ კარგად. ... - აღარ ხარ ავად? - არა. - ...მაგრამ... - ...მაგრამ? - მაგრამ, დგახარ, უფერო, ძველ ხატად, სევდის, სევდის ხატად და სახად. - აღარ ვარ ავად. - ხო? მგონია, რამე გტკივა. - არაფერია. - მითხარი, რა. - მართლა, მართლა არაფერია. - არ მგონია ეგრე. - შემეშვი. - ეგრე ნუ მელაპარაკები! - აბა, აღარ ვარ ავად-მეთქი. - ეს ლაპარაკი რომ არ შეგეძლოს! ... ჯობდა, სიჩუმე? ჯობდა, მონოლოგი, თუ, შენდამი, სიტყვათა სიუხვე? გინდ იყოს ცუდი... გინდ, მე ვიყო მუნჯი... ის დიალოგი ჩვენს შორის, ის დიალოგი ჩვენს შორის, ხიდს ჰგავდა, ცრემლის მდინარის დინებაში ნაფოტებად გაზრდილი მორებით ნაგებს. გინდ, მე ვიყო მუნჯი... გინდ, სათქმელი იყოს ცუდი... მორების ჯერ კიდევ ხავსიან ხის ხიდზე, კვალია, ყორანის ბუდის... ... დიალოგის ხიდს ჩვენს შორის, ცრემლით დამბალ ნაფოტებად ვჩეხავ, ქაღალდის ცულით... ... სათქმელს სიტყვას, ყოველს, რომელიც მინდა, რომ შენ გითხრა, ვატარებ გულით, ისე, ღმერთი, უღმერთესი, გოლგოთამდე რომ ატარებდა ჯვარს, ნაიარევი ზურგით. *** არა, არა. არა. უთხარით ყველას, აღარ ვარ ავად. ... თუ მოგენატრე, და ვერსად, ან არსად, არ მოგელანდე, შობის ღამეს, შენს ფანჯრებს დავაჩნდები, წვიმის წერტილა-ნამად. 13 იანვარი, 2025წ. luggage boy
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი